ახალი ამბები

ტელესიუჟეტი ჩაკაბერიას პატიმრობას აშუქებს

ტელეკომპანია ”იმედის” საკვირაო გადაცემა ”დროებაში” 18 მარტს გასული სიუჟეტის მიხედვით, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების ადმინისტრაციის უფროსი, ეთნიკური ქართველი ფრიდონ ჩაკაბერია მხოლოდ იმიტომ გაასამართლეს, რომ ის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა.    


ფრიდონ ჩაკაბერია ქართველმა სამართალდამცავებმა 2006 წლის 4 დეკემბერს დააპატიმრეს და ნარკოტიკების გადატანაში დასდეს ბრალი. იგი ზუგდიდში დააკავეს, სადაც ჩაკაბერია, ტელეკომპანია ”იმედის” ცნობით, სასოფლო-სამეურნეო დანადგარების შესაკეთებლად ჩავიდა. თუმცა, ქართველი სამართალდამცავების თქმით, ის ზუგდიდში ჰეროინის გასაყიდად ჩავიდა.


16 თებერვალს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩაკაბერიას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ”ჰეროინის” შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 


სიუჟეტის თანახმად, გამომძიებლებმა არც კი დაკითხეს საქმის ”მთავარი მოწმეები”, რომელთა ჩვენებებიც შესაძლოა ჩაკაბერიას წინააღმდეგ სამართალდამცავების მტკიცების საპირისპირო ყოფილიფო.


სიუჟეტში გადაიცა რამდენიმე ინტერვიუ სოფელ ქვემო ბარღების ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც აქებენ ჩაკაბერიას, როგორც პიროვნებას ”რომელიც ზრუნავს სოფელზე და მის მოსახლეობაზე”. ისინი ასევე პრეტენზიებს გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩაკაბერიას დაკავების გამო. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალბატონმა ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა, რომ მოსახლეობას ეშინია, რადგანაც ”თითოეული ჩვენგანი შესაძლოა დააპატიმრონ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ვიმყოფებით”.


”ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გააკეთა ამ ახალმა მთავრობამ [საქართველოში] ისეთი, რომ უბიძგოს აფხაზს თქვას ან იფიქროს: იქნებ მართლაც უკეთესია ქართველებთან ცხოვრება?”, – განუცხადა გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ ტელეკომპანია ”იმედს”.


ტელეკომპანიის ცნობით, გალის რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია და მხოლოდ მათი მცირე ნაწილი მსახურობს აფხაზურ პოლიციაში და არმიაში. გადასახადებს ადგილობრივი მოსახლეობა აფხაზეთის ბიუჯეტში იხდის და გალის რაიონის 18 სოფლის ადმინისტრაციის უფროსები ეთნიკური ქართველები არიან.


”ჩაკაბერია ფაქტიურად დასაჯეს როგორც ”მოღალატე” და ეს გააკეთა ქვეყანამ, რომელმაც არც ერთი პოლიტიკოსი არ დასაჯა, ვინც [აფხაზეთის] შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივების უკან იდგა… სანაცვლოდ, მან [სახელმწიფომ] სასტიკად დასაჯა რიგითი მოქალაქე [ფრიდონ ჩაკაბერია]”, – აცხადებს სიუჟეტის ავტორი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button