ახალი ამბები

სააკაშვილი: 2008 წლიდან გადასახადები დაიწევს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 2008 წლიდან მოგების, სოციალური და საშემოსავლო გადასახადები კიდევ უფრო დაიწევს, რაც ”თამამი გადაწყვეტილებაა”.
 
”მზად ვართ 2008 წლიდან  მოგების გადასახადის შემცირება განვიხილოთ 20%-დან 15%-მდე. ასევე დავავალე მთავრობას, რომ დაიწყოს მუშაობა, რათა 12%-იანი საშემოსავლო და 20%-იანი სოციალური გადასახადის ნაცვლად, რომელთა ჯამი შეადგენს 32%-ს, შედგეს ერთი ჯამური გადასახადი და დაიწიოს ის 25%-მდე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გადასახადები 40%-ით შეამცირა და დაწია ასევე საბაჟო ტარიფებიც, მაგრამ კორუფციის დაძლევის და კარგი ადმინისტრირების ხარჯზე საგადასახადო და საბაჟო შემოსავლები ქვეყანაში გაიზარდა.

”თუ იქნება უფრო დაბალი გადასახადები, უფრო მაღალი იქნება ლეგალიზაცია და უფრო მეტი იქნება ადმინისტრირება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ასევე განაცხადა ახალი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც ყველა ეკონომიკურ დავას განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.


”ჩვენ გვინდა საგადასახადო დავები შემსწავლელი კომისია შევქმნათ და ამ კომისიამ უნდა ყველა ეკონომიკური დავა გადაწყვიტოს და ჩვენ მოვიწვევთ აქ უცხოელ მოსამართლეებს…. ვმუშაობთ ამაზე ევროკავშირის ქვეყნებთან… და ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ეკონომიკურ დავებში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის ფიზიკურ პირებს დაგროვილი მიწის გადასახადის დავალიანება, რაც ჯამში 85 მლნ ლარს შეადგენს, ჩამოაწეროს.


”ეს არის ინვესტიცია თითოეულ ამ ოჯახში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, სიღარიბე არის ხელისუფლების ”უმთავრესი გამოწვევა და ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა მომდევნო 2-3 წელში მკვეთრად შემცირდეს უმუშევრობა და სიღარიბე”.


გარდა ამისა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”არ უნდა დავუშვათ რეგიონების არათანაბარი განვითარება”


”ყველა რაიონს უნდა მივცეთ სამართლიანად საბიუჯეტო ტრანსფერი”, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button