skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს საელჩო შეშფოთებულია კოდორის დაბომბვის გამო

აშშ-ს საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ ”მას ღრმად აშფოთებს ინფორმაცია ზემო კოდორის ხეობაში მომხდარი თავდასხმის თაობაზე და გმობს ძალადობის ნებისმიერ აქტს”. 


”რამდენადაც ვიცით, გაეროს დამკვირვებელთა მისიამ ერთობლივი შემსწავლელი მისია გააგზავნა ზემო კოდორის ხეობაში ამ ინფორმაციის გამოძიების მიზნით. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს  ითანამშრომლონ გამოძიებასთან და დაელოდონ შედეგებს”, – განაცხადა აშშ-ს საელჩომ 13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. 


”ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მომდევნო დღეებში. ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ასევე მის ვალდებულებას სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. ეს ინციდენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა მცდელობების გაძლიერება კონფლიქტების მოგვარების მიზნით”, – განაცხადა აშშ-ს საელჩომ.     


ქართული მხარის განცხადებით, 11 მარტს ზემო კოდორის ხეობაში სულ ცოტა სამი სამხედრო ვერტმფრენი შემოფრინდა რუსეთის ტერიტორიიდან, რომელთაც ხეობა დაბომბეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.


  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button