skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხებს განიხილავენ

ცხინვალში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციის საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრა იმართება, რომელიც მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს განიხილავს.


შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ დონორები, მათ შორის ევროკავშირიდან, აშშ-დან და თურქეთის წარმომადგენლები და ასევე ქართული, სამხრეთ ოსური და რუსული მხარეები.


ბრიუსელში ივნისში გამართული შეხვედრის დროს საერთაშორისო დონორები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციის მიზნით 8 მილიონი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.


დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება პროგრესი მიმდინარე პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ბიზნესის და სოფლის მეურნეობის სფეროებში სატრეინინგო პროგრამების ჩატარების საკითხი. შეხვედრაზე ასევე განიხილება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, რომელთა ფარგლებშიც მოხდება კონფლიქტის ზონის რამდენიმე სკოლის და ასევე რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე კვაისას სკოლის რეაბილიტაცია. მონაწილეები ასევე განიხილავენ ცხინვალისა და თამარაშენისთვის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებს, იტყობინება ეუთოს მისია თბილისში, რომელიც ამ პროგრამების მენეჯმენტს ახორციელებს.


”შეხვედრა ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნას განაგრძოს თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდასაჭერად”, – განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა.


ამავდროულად, ქართული და ოსური მხარის წარმომადგენლები შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) არაფორმალურ შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც სტამბოლში 21-23 მარტს არის დაგეგმილი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button