skip to content
ახალი ამბები

საქართველომ შესაძლოა თავისი სამხედროები მაზარ-ი-შარიფში განათავსოს

საქართველომ შესაძლოა თავისი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთის სტრატეგიულ ქალაქ მაზარ-ი-შარიფში განათავსოს გერმანიის სარდლობის დაქვემდებარებაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 14 მარტს.


14-15 მარტს სამუშაო ვიზიტით გერმანიაში მყოფმა ნოღაიდელმა ეს საკითხი გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ფრანც იოზეფ იუნგთან შეხვედრაზე განიხილა.


”განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის ავღანეთში ჩვენი კონტინგენტის განთავსების პირობების შესახებ. ჩვენი კონტინგენტი შესაძლოა მაზარ-ი-შარიფში განთავსდეს”, – განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს. 


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 მარტს განაცხადა, რომ საქართველო ”ამ ეტაპზე 100 ქართველ სამხედროს” გააგზავნის ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მისიის ფარგლებში.


”თუმცა, ეს რაოდენობა შესაძლოა 200-მდე გაიზარდოს წლის ბოლოსთვის”, – აქვე განაცხადა მან.


2004 წელს მე-16 სამთო ბატალიონის 50 სამხედრო იქნა 100 დღით ავღანეთში განთავსებული გერმანიის სარდლობის დაქვემდებარებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button