ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ზემო კოდორის ხეობა დაიბომბა

გავრცელებული ინფორმაციით, 11 მარტს ღამით ზემო კოდორის ხეობის სოფლები ჩხალთა და აჟარა დაიბომბა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოფიციალურმა თბილისმა უკვე მიანიშნა, რომ ცეცხლი აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიხსნა. 


გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ყუმბარა სოფელ ჩხალთაში იმ შენობას მოხვდა, სადაც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებაა განთავსებული.


ოფიციალური პირების განცხადებით, გასულ ღამეს ხეობის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა. 


”პირველი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოფლების ჩხალთას, აჟარას და გენწვისის თავზე ვერტმფრენი დაფრინავდა 11 მარტს საღამოს 10 საათზე გაჩნდა. ამას მოყვა დაბომბვა. საარტილერიო სროლები განხორციელდა, საარაუდოდ,  ტყვარჩელის მხრიდან,” – განაცხადა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა  მალხაზ აქიშბაიამ 12 მარტს.


აფხაზურმა მხარემ უარყო ქართული მხარის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სროლა სოხუმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 12 მარტს ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა, რომ ეს იყო ”ჩვეულებრივი შეტაკება” ემზარ კვიციანის მომხრეებსა  და კოდორის ხეობაში განთავსებულ ქართულ ძალებს შორის.


”ამგვარი შეტაკებები ხეობაში დროდადრო ხდება. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ბოლო შემთხვევაში ამან გაცილებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. გაზაფხული მოდის და [აჯანყებულები] სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააქტიურდებიან”, – განაცხადა შამბამ.


გასული წლის ოქტომბერში სოფელ აჟარის მახლობლად ”გრადის” ტიპის ყუმბარები აფეთქდა. ქართულმა მხარემ მაშინაც აფხაზური მხარე დაადანაშაულა ტყვერჩელის მხრიდან ცეცხლის გახსნაში.


თუმცა, გაეროს დამკვირვებლებმა გამოიძიეს ინციდენტი და განაცხადეს, რომ ყუმბარების აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან  გასროლა შეუძლებელი იქნებოდა. მათი თქმით, ყუმბარები ახლომდებარე მთის ფერდობებიდან იქნა ნასროლი.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button