ახალი ამბები

რუსეთს აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის კავკასიაში შესაძლო განთავსება აშფოთებს

აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კავკასიაში შესაძლო განთავსება არ გახდება რეგიონის იმ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურად განვითარების საწინდარი, რომლებიც განიხილავენ ამ შესაძლო განთავსებას, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ კამინინი.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 9 მარტს გამოქვეყნებულ საინფორმაციო შეტყობინებაში, კამინინი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი შეშფოთებულია აშშ-ს გეგმებით განათავსოს რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რაც აიძულებს მოსკოვს გადახედოს სამხედრო მშენებლობის ამოცანებს.


კავკასიაში რაკეტსაწიინააღმდეგო სისტემის შესაძლო განთავსების თაობაზე ინფორმაცია მედიაში აშშ-ს შესაბამისი სააგენტოს დირექტორის ჰენრი ობერინგის ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა.


თბილისში აცხადებენ, რომ არ მიუღიათ ვაშინგტონიდან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საქართველოს ტერიტორაზე განთავსების თაობაზე ოფიციალური თხოვნა.

”რუსულ პრესაში თქვენ შეიძლება წაიკითხოთ ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია, მაგრამ ჩვენ ასეთი შეტყობინება არ მიგვიღია”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა თებერვლის ბოლოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button