ახალი ამბები

სააკაშვილი: 2 000 ქართველი სამხედრო ერაყში, სულ ცოტა 100 კი ავღანეთში გაიგზავნება

იაპონიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო ერაყში თავისი სამხედროების რაოდენობას 850-დან 2000-მდე გაზრდის.


თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ქართველები იქ ”შეზღუდული დროით”, მაქსიმუმ ერთი წლით განლაგდებიან.     


”ქართველებმა ყველას უნდა დავანახოთ, რომ უკან არ ვიხევთ და მზად ვართ, პრინციპები ბოლომდე დავიცვათ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ”ამ ეტაპზე 100 ქართველ სამხედროს” გააგზავნის ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილეობის მისაღებად.


”თუმცა, ეს რაოდენობა წლის ბოლოსთვის შესაძლოა 200-მდე გაიზარდოს”, — დასძინა სააკაშვილმა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართული მხარე ამჟამად კონსულტაციებს მართავს ამერიკელ პარტნიორებთან, რათა დადგინდეს თუ როდის და რამდენით გაიზრდება ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა ერაყში.


საქართველოს ამჟამად კოალიციურ ჯარებში 850 სამხედრო მოსამსახურე ყავს, რაც საქართველოს ერაყში არსებული სამხედროების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე გათვლებით მეორე ადგილზე აყენებს.


თუმცა, თუ საქართველო სამხედროთა რაოდენობას ერაყში მართლაც 2 000-მდე გაზრდის, ამ მაჩვენებლით ის პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.


ერაყში მოვალეობის შესრულებისას, 2003 წლის აგვისტოდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ პირველად გააგზავნა იქ ჯარები, სულ 18 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.


ქართველი სამხედროები ბაღდადში და ბაქუბაში არიან განლაგებული. სააკაშვილმა 9 მარტს განაცხადა, რომ ქართველი სამხედროების დამატებითი რაოდენობა ბაღდადში განლაგდება.


დაახლოებით 100 ქართველი ჯარისკაცი კოსოვოშიც მსახურობს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button