ახალი ამბები

სოხუმი ევროკავშირის, ნატოს და აშშ-ს მიერ არჩევნების დაგმობას ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ნატოს მიერ აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნების დაგმობა სოხუმისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, იტყობინება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინსიტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით 6 მარტს.


”ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ამგვარი რეაქცია გვესმის დემოკრატიული სახელმწიფოებისგან. ის ფაქტი, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები უარყოფენ დემოკრატიულ პროცესს თავდაპირველად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, თუმცა ახლა ეს აღარ წარმოადგენს მოულოდნელობას და ჩვენ უბრალოდ მათზე რეაგირებას აღარ ვახდენთ… ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ჩვენი არჩევნების ჩატარებას მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციისა”, – განაცხადა შამბამ.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა 5 მარტს გავრცელებულ ცალ-ცალკე განცხადებებში აღნიშნეს, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 4 მარტს ჩატარებული საპარლამენტო და 11 თებერვალს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები უკანონო იყო, რადგანაც სულ ცოტა 200 000 დევნილმა ვერ მიიღო მასში მონაწილეობა.


ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა ასევე განაცხადა 5 მარტს, რომ ალიანსი არ ცნობს ”ე.წ. არჩევნებს” აფხაზეთში.


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი 4 მარტის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, ის ერთხელ უკვე მიესალმა 11 თებერვლის ადგილობრივ არჩევნებს აფხაზეთში და განაცხადა, რომ ეს არჩევნები ”საარჩევნო და დემოკრატიული ნორმების დაცვით” ჩატარდა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button