ახალი ამბები

სააკაშვილმა და ნაზარბაევმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს და ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, მას შემდეგ რაც წელს საქართველოში მეტი ყაზახური ინვესტიცია ჩაიდება, განაცხადეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილმა და ნურსულთან  ნაზარბაევმა დღეს ასტანაში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


”ჩვენ განვიხილეთ ყაზახეთის გეგმები ბათუმში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით; ეს უდიდესი პროექტია, მილიარდ დოლარამდე მეტი ღირებულების და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის, არამედ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ [აჭარის] სანაპიროზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 5 მარტს ეწვია.


მისი თქმით, გასულ წელს ”ფაქტიურად” გაორმაგდა ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა და ”ვფიქრობ, რომ წელს კიდევ უნდა გაორმაგდეს იმიტომ, რომ ზრდის უზარმაზარი პერსპექტივებია”.


ყაზახური წყაროების თანახმად, სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 2006 წელს 45,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


პრეზიდენტ ნაზარბაევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გასულ წელს ყაზახურმა კომპანიებმა საქართველოში 300 მლნ-მდე აშშ დოლარი დააბანდეს, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ”ყაზინფორმი”.


ამავე ცნობით, პრეზიდენტების შეხვედრის შედეგად მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში აღნიშნულია ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მნიშვნელობა  პორტების აკტაუს [ყაზახეთი], ბათუმისა და ფოთის შესაძლებლობების სრული გამოყენებით. 


ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა ქართველ კოლეგასთან ”როგორც ყოველთვის ურთიერთდაინტერესებისა და გულწრფელობის” ვითარებაში ჩაირა.


”რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობების ძირითადი პუნქტი არის ნავთობისა და გაზის ენერგეტიკული კომპლექსი, ჩვენ განვიხილეთ ყველა ეს საკითხი. როგორც იცით, ყაზახეთი შეუერთდა [2006 წლის ივნისში] ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენს, რომელიც თბილისზე გადის”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ნაზარბაევმა.


მისი თქმით, ყაზახეთი ნავთობტერმინალის მშენებლობასთან ერთად დაინტერესებული ფოთში ხორბლის ტერმინალის მშენებლობითაც.


5 მარტს ყაზახეთის მთავრობასთან შეხვედრაზე ნურსულთან ნაზარბაევმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კომპანია ”ყაზაგრომ” ყურადღება უნდა გაამახვილოს საქართველოს ბაზარზეც.


სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ნაზარბაევმა აღნიშნა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები და განაცხადა, რომ ”მთელი კავკასიის რეგიონი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენთვის ევროპასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში გასასვლელად და საქართველო ამ მხრივ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია”.


მიხეილ სააკაშვილმა ყაზახეთთან საქართველოს ურთიერთობებს ”დსთ-ს სივრცეში სამაგალითო” უწოდა. 


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთის დედაქალაქში მან არა მხოლოდ თბილისის მერი, არამედ მთავარი არქიტექტორიც წაიყვანა იმის სანახავად, ”თუ როგორ შენდება ასტანა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button