skip to content
ახალი ამბები

სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ბაჩო ახალაიაზე შეტევის მორიგი საბაბი ხდება

ტელეკომპანია ”იმედმა” 4 მარტს გადაცემაში ”დროება” გაუშვა სატელეფონო საუბარი, რომელიც, ტელეკომპანიის განცხადებით, იმაზე მიანიშნებს, რომ გასულ წელს თბილისის მე-5 იზოლატორში მომხდარი ბუნტი შესაძლოა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩო ახალაიას მიერ ყოფილიყო პროვოცირებული.   


ოფიციალური ინფორმაციით, 2006 წლის 27 მარტს მე-5 იზოლატორში მომხდარი ბუნტის ჩახშობის მიზნით განხორციელებულ ოპერაციას შვიდი პატიმარი ემსხვერპლა. ხელისუფლების განცხადებით, ”ციხის ბუნტს” კრიმინალური ავტორიტეტები მართავდნენ, როგორც ციხის შიგნიდან, ისე გარედან, რადგან მათ სურდათ ციხიდან მასობრივი გაქცევის ორგანიზება და ქვეყანაში ”მასობრივი დესტაბილიზაციის” დაწყება.


საუბრის იმ ნაწილში, რომელიც ტელეკომპანია ”იმედმა” 5 მარტს კიდევ ორჯერ უჩვენა, ერთმანეთს ორი მამაკაცი ესაუბრება, რომელთაგანაც ერთი, ტელეკომპანიის განცხადებით, პატიმარი პლატონ მამარდაშვილია, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი გია დგებუაძე. 


ჩანაწერში, რომლის ნამდვილობა ჯერ ექსპერტიზით დადასტურებული არ არის, დგებუაძე ეუბნება მამარდაშვილს არ გაამხილოს ის ფაქტი, რომ ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან ბაჩო ახალაიასთან თანამშრომლობდა იმ მიზნით, რომ დახმარებოდა მას გამოეგონა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ბუნტი კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დაგეგმეს. ამის სანაცვლოდ,  დგებუაძე  მას თავისუფლებას პირდება.


მამარდაშვილს და კიდევ ხუთ პიროვნებას ციხის ბუნტის დაგეგმვაში ედებათ ბრალი. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. 


სატელეფონო საუბრის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, მან შესაძლოა საფუძველი გამოაცალოს ხელისუფლების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ 27 მარტის ბუნტი კრიმინალური ავტორიტეტების მიერ იყო ორგანიზებული ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ ”დროებაში” გასულ ჩანაწერებს და აღნიშნეს, რომ ეს ჩანაწერი ”აშკარა მტკიცებულებაა” ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. 

ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც ”დროების” იმავე სიუჟეტში გავიდა, საუბარი შეეხებოდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თემას, თუ როგორ აკვირდება საზოგადოება ამ საქმეში ხელისუფლების თითოეულ ნაბიჯს. მოხსენიებული იყო ასევე გავლენიანი ბიზნესმენი, ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელი ბადრი პატრაკაციშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების კონტექსტში.  

”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ”დროებაში” გასული ჩანაწერები ძალოვანი სტრუქტურების დანაშაულებრივი საქმიანობის ჯაჭვის ერთი რგოლია და ასეთი ”რგოლები” კიდევ ბევრი არსებობს და ”ახალი და ახალი გაიხსნება”.

მან მოუწოდა პრეზიდენტს პარლამენტში ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლამდე, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება, მიიღოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გადაყენების თაობაზე.  

”პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა უპასუხოს საზოგადოებაში უკვე კარგა ხანს არსებულ მოთხოვნას მინისტრ ვანო მერაბიშვილის გადაყენების თაობაზე… მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება… ჩვენ ვურჩევთ პრეზიდენტს პარლამენტში მოსვლამდე პარლამენტს და საზოგადოებას უთხრას, რომ მან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და გაემიჯნა იმ ამორალურ კრიმინალურ ბანდას, რომელსაც სათავეში დღესდღეობით ვანო მერაბიშვილი უდგას”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button