ახალი ამბები

სხეფერი: ნატოსკენ მიმავალი გზა ”გრძელი და რთულია”

საქართველოში რეფორმების განხორციელების ტემპი ”დადებითია”, თუმცა არსებობს ”გარკვეული წუხილები ზოგიერთ საკითხზე” და გზა ნატოს წევრობისკენ ”გრძელი და რთულია”, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 27 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.


ნატოს შემფასებელმა მისიამ, რომელიც საქართველოს გასულ კვირას სტუმრობდა, საქართველოს მიერ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება შეისწავლა.   


”ჯგუფი თბილისიდან დადებითი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა… თუმცა, იყო გარკვეული წუხილები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მე ეს საკითხი პრეზიდენტთან განვიხილე. საქართველო გულდასმით მუშაობს ამაზე”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


სხეფერმა განაცხადა, რომ ნატო ”არ ჩამოაშორებს საქართველოს” ალიანსში ინტეგრაციის გზიდან და საქართველო ”რა თქმა უნდა, თავადაც არ ჩამოშორდება ამ გზას”, თუმცა ”გზა ნატოს წევრობისკენ გრძელი და რთულია”.


”განაგრძეთ რეფორმები, სრულად გამოიყენეთ ინტენსიური დიალოგი; სრულად გამოიყენეთ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა; შეინარჩუნეთ ახლო კონტაქტები ნატოსთან – ეს არის იმ გზის არსებითი ნაწილი, რომლის გავლაც საქართველომ ასე მტკიცედ გადაწყვიტა”, – განაცხადა მან.


სხეფერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობას.


”ნატო ამ კონფლიქტების მოგვარებაში პირდაპირ როლს არ ეძებს”, – განაცხადა სხეფერმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის მიერ 10 თებერვალს გაკეთებული განცხადება, რომ ალიანსმა 2009 წლისათვის ”უნდა დააფასოს უკრაინისა და საქართველოს ამბიციები”, შეაფასა, როგორც საქართველოს ნატოში შესვლის თარიღის გამოცხადება.


თუმცა, ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავი შეიკავა ამგვარი განცხადების გაკეთებისგან. მისი თქმით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ვადებით სპეკულირება საჭირო არ არის.


”ცოტა ხნის წინ თქვენი [ნატოს] შემაფასებელი მისია გვყავდა და მათი ზოგადი შეფასება უკიდურესად პოზიტიურია და ჩვენ ბედნიერები ვართ ამის გამო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო [ნატოსკენ] მიმავალ გზაზე დგას. ჩვენ არ გვინდა სხვა საკითხზე სპეკულირება მოვახდინოთ, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ვერავინ ვერ ჩამოგვაშორებს ამ გზას და ჩვენ თავადაც არ გადავუხვევთ ამ გზიდან; ჩვენ ჩვენი დავალება ჯერ შესასრულებელი გვაქვს, ჩვენ კვლავაც უნდა განვაგრძოთ მუშაობა რეფორმებზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.


ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ გაწევრიანების ვადებზე ”საუბარი ძნელია”.


”მე არასოდეს ვასახელებ ვადებს, ან თარიღებს, ან თვეს, ან წელს; ეს მოქმედებებზე დამოკიდებული პროცესია… საქართველომ კარგად იმუშავა და ახლაც კარგად მუშაობს”, – განაცხადა სხეფერმა.


”განაგრძეთ მუშაობა და გარკვეულ ეტაპზე სხვა ნაბიჯებიც გადაიდგმება, მე ვამბობ, გარკვეულ ეტაპზე”, – დასძინა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button