ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს სურს ნატოს ავღანურ მისიაში მიიღოს მონაწილეობა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 თებერვალს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თბილისს სურს თავისი წვლილი შეიტანოს ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში.


”ჩვენი სურვილია მეტი წვლილი შევიტანოთ ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებში და ჩვენ განვიხილეთ საკითხი ავღანეთში შეზღუდული ქართული კონტინგენტის გაგზავნის თაობაზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.


”ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ ერთხელ დაეხმარება ISAF -ს ავღანეთში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


50 ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი თავდაცვის სამინისტროს საჩხერის მე–16 სამთო ბატალიონიდან 2004 წელს 100 დღის განმავლობაში ავღანეთში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა.


საქართველოს მცირე სამხედრო კონტინგენტი კოსოვოში, დაახლოებით 850 სამხედრო კი – ერაყშია მივლინებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button