
გავლენიანი დეპუტატები ყველა პოლიტიკურ ძალას ნატოზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ
გავლენიანმა დეპუტატებმა მმართველი უმრავლესობიდან გივი თარგამაძემ და გიგა ბოკერიამ მოუწოდეს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ”მკაფიოდ და გასაგებად” დააფიქსიროს თავისი პოზიცია საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით იმ კამპანიის ფონზე, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი აქვს ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან ამ პროცესის წინააღმდეგ.
მათი განცხადებით, ნატოს საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან ოპოზიციური პარტიების ”ეროვნული ფორუმის”, ”ტრადიციონალისტთა კავშირისა” და ”ლეიბორისტების” წარმომადგენლები.
”ჩვენ არ განვიხილავთ სერიოზულ ძალებად არც ე.წ სახალხო ფორუმს და არც ბატონ ნათელაშვილს, მაგრამ მიუხედავად ამისა ნებისმიერ ასეთ კამპანიას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
”ეს არის კრემლში ჩვენი ე,წ. ზედამხედველის [რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის] მოდესტ კოლეროვის მიერ შემუშავებული ანტინატოს პროგრამის ერთგვარი ნაირსახეობა, რომელიც მათ განახორციელეს უკრაინაში, თუმცა მათი მცდელობები საქართველოში ამ მიმართულებით არის უპერსპექტივო… როგორც ჩანს გარკვეულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არის საკმაოდ დიდი კონკურენცია ვინ დაიკავებს იგორ გიორგაძის გამოთავისუფლებულ ადგილს კრემლის კარზე და ვინ უფრო კარგად შეასრულებს ამ შეკვეთას”, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.
თარგამაძის განცხადებით, ანტინატოს კამპანიის ფარგლებში ოპოზიცია ორ ძირითად მოსაზრებას ავითარებს.
”პირველი მდგომარეობს იმ ტყუილში, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ისინი მიიღებენ საქართველოს ნატოში კონფლიქტური ტერიტორიების გარეშე… და მეორე სენტენცია, რომ ნეიტრალიტეტი განაპირობებს რუსეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს უპერსპექტივო და საშიშია”, – განაცხადა თარგამაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)