ახალი ამბები

სტამბოლში შსკ-ს თანათავმჯდომარეების არაფორმალური შეხვედრა აღარ შედგება

სტამბოლში 28 თებერვალს-2 მარტს დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეთა არაფორმალური შეხვედრა არ შედგება, ამის შესახებ შეტყობინება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რუსული მხარისაგან და ეუთოს მისიისგანაც მიიღო.


“ვითომდაც, მხარეთა შორის შეთანხმების არარსებობის გამო”, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა, შსკ-ს რუსული მხარის  თანათავმჯდომარემ იური პოპოვმა 21 თებერვალს გამოგზავნილ წერილში ”მიზანშეუწონლად” მიიჩნია სტამბოლში არაფორმალური შეხვედრის გამართვა.


ანალოგიური წერილი დაუგზავნა შსკ-ს თანათავმჯდომარეებს ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში რიო რივმა, აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


სტამბოლის შეხვედრის მომზადების მიზნით სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში კონსულტაციები 20 თებერვალს გამართეს.


ქართული მხარის ცნობით, კონსულტაციები ცხინვალთან სატელეფონო ფორმით 21 თებერვალსაც გაგრძელდა, ”რომელთა საფუძველზეც, გაჩნდა სტამბულში შეხვედრის გამართვისა და პოზიტიური შედეგის მიღწევის იმედი”.   


თუმცა ბორის ჩოჩიევმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისს არ დაუდასტურებია მზადყოფნა, რომ შეასრულებდა ცხინვალის პირობებს იმის თაობაზე, რომ სტამბოლის შეხვედრაზე განისაზღვრებოდა შსკ-ს პლენარული სხდომის თარიღი, ადგილი და დღის წესრიგი. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ცხინვალი უარს აცხადებდა სტამბოლის შეხვედრაში მონაწილეობაზე.


”ქართული მხარე გამოთქვამს მწუხარებას სტამბოლში დაგეგმილი თანათავმჯდომარეების არაფორმალური შეხვედრის გაუქმების გამო და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერის იმედით კვლავ ადასტურებს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის”, – ნათქვამია 22 თებერვალს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button