გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც 19-20 თებერვალს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს სტუმრობს, მოუწოდებს საქართველოს კონფლიქტები მხოლოდ პოლიტიკური გზით მოაგვაროს და აცხადებს, რომ რეფორმების არსებული ტემპით გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა აქვს.
ამის შესახებ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დღეს ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის, ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, რეგიონალური საკითხები, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების ასპექტში, ასევე საქართველოში გერმანული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანია დაინტერესებულია, რომ ”ევროკავშირის უშუალო სიახლოვეს” კონფლიქტები მშვიდობიანად გადაწყდეს.
მისი თქმით, კოსოვოს საკითხი არის ”ცალკე მდგომი თემა” და ”არ შეიძლება იყოს გადმოტანადი საქართველოს კონფლიქტებზე”.
”ვეთანხმები მინისტრს, რომ ნებისმიერი მცდელობა პარალელი გაივლოს კოსოვოს და ნებისმიერ სხვა კონფლიქტს შორის ეს იქნება საქართველოში თუ სხვაგან, არის მცდარი და საკმაოდ სახიფათო. მე ვფიქრობ, რომ რუსეთიც უნდა დაფიქრდეს, როცა ასეთ პარალელებს ავლებს და მანიპულირება ხდება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით”, – განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გელა ბეჟუაშვილმა.
”ჩვენთვის და ყველასთვისაც ცხადია, რომ კონფლიქტები მხოლოდ დიალოგისა და ურთიერთნდობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს და ამას ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია მიესალმება იმ ფაქტს, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დაძაბულობა შემცირდა. ”და ეს ჟენევის ფორმატში [12-13 თებერვალს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე] გამართულმა მოლაპარაკებებმაც ცხადყო”, – დასძინა მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია მზად არის საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხი რუსეთთან დიალოგში საუბრის თემად აქციოს.
კონფლიქტების მოუგვარებლობის საკითხის საქართველოს ნატოში მისწრაფებასთან კავშირზე საუბრისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ”ეს საკმაოდ რთული თემაა”.
”ნატოს და მის წევრებს აქვთ ინტერესი, რომ ახალმა წევრებმა არ შემოიტანონ ალიანსში ახალი კონფლიქტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კონფლიქტების არსებობა იყოს წინააღმდეგობა, რადგან ამ შემთხვევაში მესამე მხარეს ჩვენ მივცემდით საშუალებას გარკვეულწილად ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის.”, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
”ბუნებრივია, მე ნატოს სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე ბევრჯერ დამიდასტურეს ნატოს გენერალურმა მდივანმა და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმაც, რომ კონფლიქტები არ უნდა იყოს და არ შეიძლება გახდეს საქართველოს გაწევრიანების წინაპირობა იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვექნება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების გეგმა”, – აღნიშნა თავის მხრივ გელა ბეჟუაშვილმა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს მხრიდან ცოტა ხნის წინ გაკეთდა სიგნალი, რომ საქართველო ორგანიზაციასთან დაახლოების გზაზეა.
”თუ რეფორმები ისე გაგრძელდება, როგორც დღემდე ვითარდებოდა, ეს მიიყვანს საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისითაც, თუმცა ევროკავშირი, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა ამჟამად გერმანიაა, საქართველოს ამ მხრივ არ განიხილავს ცალკე, არამედ რეგიონალურ ასპექტში.
”ჩვენ [ევროკავშირთან] გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ჩვენი ვალდებულებების შესრულების კონკრეტული ვადები და ჩვენ ამის შესრულებას ვაპირებთ”, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)