ახალი ამბები

საკუთრების საკითხებზე მარტ ლაარის მოსაზრება მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის მარტ ლაარის კომენტარები საქართველოში კერძო საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებულ ”შემაშფოთებელ” ტენდენციებზე ”არის საკმაოდ ხმამაღალი სიგნალი, რომ წარმოებული პოლიტიკა ძალიან რისკიანია და ქვეყანა მცდარი გზით მიჰყავს, რომლის ბოლოც ინვესტიციების შეფერხება და ქონების დაუსრულებელი გადანაწილებაა”,  წერს გაზეთი ”24 საათი” 7 თებერვალს.


ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ განცხადებები მედიით ინტენსიურად შუქდება. ეს თემა ოპოზიციის კრიტიკის მთავარი სამიზნე გახდა.


რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთვის 1 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში მარტ ლაარმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩევლად გასული წლის მაისში დაინიშნა, განაცხადა, რომ მან ეს პრობლემა საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა.


მისი თქმით, ეს არის წარსულის ”ძალიან სამწუხარო მემკვიდრეობა”, როცა პრივატიზაცია იმგვარად განხორციელდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის თვალში ის კანონის დარღვევასა და უსამართლობას უკავშირდება. მისი თქმით, არსებობს დიდი ცდუნება, რომ სხვადასხვა გზით მოინდომო სამართლიანობის აღდგენა. ”როცა ამას კანონიერი გზით ვერ ახერხებენ, სხვაგვარ მეთოდებსაც იყენებენ. სწორედ ეს მაღელვებს”, – განაცხადა ლაარმა.


მარტ ლაარის თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით მან ეს საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილთან და რამდენიმე მინისტრთან უკვე განიხილა. მისი თქმით, შესაძლოა საკუთრების დაცვის შესახებ საგანგებო კანონმდებლობის მიღება, რომლითაც ხალხს განემარტება პრივატიზაცის რომელი შემთხვევა შეიძლება გამოიძიოს ხელისუფლებამ. მისი თქმით, ეს საკითხი პარლამენტის დონეზე უნდა მოგვარდეს.


მარტ ლაარმა ასევე განაცხადა, რომ საკუთრების გარშემო არსებული დავის თითოეული შემთხვევა გამჭვირვალედ უნდა მოგვარდეს, სასამართლოს მეშვეობით. 


მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების გარშემო არსებული პრობლემები მისი ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრების მთავარი თემა იყო.


ლაარის განცხადებით, მკვეთრად გამოხატულ საკუთრების უფლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს უცხოური ინვესტიციების გარანტირების თვალსაზრისით. ”ეს უნდა იყოს მკაფიო და როდესაც ეს ასე არ არის, ეს დიდი პრობლემაა”, – დასძინა მან.


ოპოზიციონერ დეპუტატებსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის 6 თებერვალს გამართული შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ორი- სამი კვირის მანძილზე კანონპროექტს წარადგენს პარლამენტში საკუთრების უფლების დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, განაცხადა ”ახალი მემარჯვენეების” ოპოზიციური ფრაქციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ  შეხვედრის შემდეგ.


”24 სააათი” წერს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ დაუყონებლივ უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის მრჩევლის კრიტიკული შენიშვნები, რომელიც ”ძალიან წყნარად, თუმცა კრიტიკულად” გაკეთდა, რადგანაც უცხოელი ინვესტორები უფრო მეტად ლაარის შეფასებებს დაუგდებენ ყურს, ვიდრე საქართველოს ხელმძღვანელობისას.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც დეკემბერში სტუმრობდა საქართველოს,  მოუწოდა ხელისუფლებას ”დააჩქაროს სტრუქტურული რეფორმები, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც საკუთრების უფრო ძლიერ უფლებებს უკავშირდება”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button