ახალი ამბები

რუსი ექსპერტი პრესისა და ოფიციალური პირების ყურადღების ცენტრში მოექცა

საქართველოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ ნიკოლაი ზლობინთან, ვაშინგტონის მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტის რუსული და ევრაზიული პროგრამების დირექტორთან შეხვედრის გამართვის თაობაზე კიდევ უფრო გაზარდა საქართველოში მისი ხუთდღიანი ვიზიტის მნიშვნელობა, იტყობინება ქართული მედია 30 იანვარს.


ქართული გაზეთი ”24 საათის” ცნობით, ამერიკაში მცხოვრები რუსი ექსპერტის ვიზიტმა არა მხოლოდ ქართული აკადემიური წრეების, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის ყურადღებაც მიიპყრო, რადგანაც მას შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.


არასამთავრობო ორგანიზაციის ”მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა გია ნოდიამ გაზეთ ”24 საათს” განუცხადა, რომ ზლობინი აშშ-ს დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობს.  


”საქართველოს ხელისუფლებაში ხვდებიან, რომ შეიძლება თეთრ სახლში ახალი ძალა მოვიდეს და ამდენად, დემოკრატებთან ხიდების გადება აუცილებელია”, – განაცხადა გია ნოდიამ.


ექსპერტ დავით აფრასიძის განცხადებით, რომელიც ასევე შეხვდა ზლობინს, მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო დისკუსია შედგა, მისი ”თეორია ძალიან წინააღმდეგობრივი იყო და კონკრეტული მაგალითები საერთოდ არ ჯდებოდა მის მიერვე შემოთავაზებულ თეორიულ მოდელში”.


”ინფორმაციას, რომელსაც ის ფლობს, აშკარად მოძველებულია და მისი დასკვნებიც, ხშირად, ვითარების ადექვატური ნამდვილად არ არის”, – განუცხადა აფრასიძემ გაზეთ ”24 საათს”.        



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button