ახალი ამბები

ოპოზიცია ”საკუთრების უფლების დარღვევების” გამო შეშფოთებულია

ოპოზიციურმა ”ახალმა მემარჯვენეებმა” 29 იანვარს მოუწოდეს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება გენერალური პროკურატურის და თბილისის მერიის მიერ ”საკუთრების უფლების მასობრივ დარღვევებზე”. 


”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მესაკუთრეთა უფლებების დარღვევის უამრავი შემთხვევა, რაც მათთვის საკუთრების სხვადასხვა გზით ჩამორთმევაში ვლინდება, არის ”ნეო-ბოლშევიზმის ნათელი გამოხატულება”.


”მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭიროს ჩვენი ფრაქციის ინიციატივას, რათა დაუყოვნებლივ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია საკუთრების უკანონო ხელყოფის ფაქტების დადგენისა და მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით”, – განაცხადა გამყრელიძემ.


”მოვუწოდებთ პრეზიდენტ სააკაშვილს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროკურატურისა და ქალაქ თბილისიის მერიის მხრიდან კერძო საკუთრების მასობრივი ექსპროპრიაცია და სასწრაფოდ აღუდგინოს მესაკუთრეებს თავისი კუთვნილი ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მხრიდან საუბარი წარმატებებზე, დემოკრატიაზე, ხალხის ინტერესებზე და კონსტრუქციულ დიალოგზე ოპოზიციასთან იქნება მისთვის და მისი მეგობრებისთვის უკვე ჩვეული ფარსი ”, – დასძინა მან.


სანდრო თათეიშვილმა, რომელიც საოფისე ფართის 9%-ს ფლობს იმ შენობაში, სადაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროა განთავსებული, განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში გენერალური პროკურატურის გამომძიებლები მისგან მოითხოვდნენ თავისი აქციები სახელმწიფოსთვის გადაეცა. 29 იანვარს იგი კვლავ დაიბარეს პროკურატურაში, თუმცა დაკითხვის შემდეგ მან განაცხადა, რომ გამომძიებლებს ეს მოთხოვნა აღარ დაუყენებიათ.


თბილისის მთავარმა პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა 29 იანვარს უარყო ზეწოლის თაობაზე გაკეთებული განცხადებები და განაცხადა, რომ სანდრო თათეიშვილი დაიკითხა, რადგანაც გამომძიებლები იძიებენ იმ შენობის პრივატიზაციის დეტალებს, რომლის აქციათა 9%-ს თათეიშვილი ფლობს.


”ორთვენახევრის წინ მე მომთხოვა გამომძიებელმა ჩემი აქციები უსასყიდლოდ გადამეცა, თუმცა დღევანდელ დაკითხვაზე ეს მოთხოვნა არ გაჟღერებულა”, – განუცხადა თათეიშვილმა ჟურნალისტებს.


ოპოზიციონერი კანონმდებლების თქმით, გენერალურმა პროკურატურამ გადათქვა მოთხოვნა, რადგანაც ამ საქმემ მედიის და ოპოზიციური პარტიების ყურადღება მიიპყრო.


”ორი თვის წინ გამომძიებლები თათეიშვილისგან მისი აქციების უსასყიდლოდ გადაცემას ითხოვდნენ. თუმცა, ამჯერად ანალოგიურ მოთხოვნებს ადგილი არ ჰქონია. ეს ძალიან კარგი პრეცედენტი იყო იმისა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს დაიცვას საკუთრების უფლება”, – განუცხადა ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა კოკა გუნცაძემ ჟურნალისტებს 29 იანვარს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button