skip to content
ახალი ამბები

თბილისმა ურანის კონტრაბანდა აღკვეთა

თბილისში გასული წლის იანვარში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 100 გრამამდე გამდიდრებული ურანი აღმოაჩნდა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის გავლით კონტრაბანდული გზით ჰქონდა შემოტანილი, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა New York Times-ისა და Associated Press-ისთვის მიცემულ ცალკ–ცალკე ინტერვიუებში 24 იანვარს.


მერაბიშვილმა, რომელიც გასულ კვირას აშშ-ში ვიზიტად იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ რუსეთმა უარი განაცხადა დახმარებაზე მიუხედავად თბილისის თხოვნისა ეთანამშრომლა ურანის კონტრაბანდის წინააღმდეგ. 


“ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთიდან არავინ არ ჩამოვიდა, ამ პიროვნების დასაკითხადაც კი… ეს გასაოცარია, რადგანაც რუსეთის ინტერესებში შედის, რომ ეს ნივთიერება დაცული იყოს. რუსეთში არის ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც უზარმაზარ თანხებს გადაიხდიან ამ ნივთიერებაში“, – იტყობინება Associated Press-ი მერაბიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.


ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩამორთმეული ნივთიერება აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციამ შეამოწმა.


“ნივთიერება სააგენტოს ბირთვული ექსპერტების მიერ იქნა შემოწმებული და დადასტურდა, რომ ის არის გამდიდრებული ურანი“, – განაცხადა სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრაიან ვილკესმა.


გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო  სააგენტო ვენაში 26 იანვარს პირველ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს საქმის დეტალებზე.


The New York Times წერს, რომ ნივთიერება მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სამხრეთ ოსეთში მოქმედი ქართველი საიდუმლო აგენტი, რომელმაც თავი გაასაღა, როგორც მდიდარი უცხოელი მყიდველი, ჩრდილოეთ ოსეთში რუს მომწოდებელზე გავიდა.


ამავე ინფორმაციის თანახმად, კონტრაბანდისტი, რომელიც აღმოჩნდა ოლეგ ხინსაგოვი, თბილისში დააპატიმრეს და რვანახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


აშშ-ს ელჩმა თბილისში ჯონ ტეფტმა New York Times-ს განუცხადა, რომ ურანის ამოღების მოცემული შემთხვევა „ადასტურებს, თუ რა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას კონტრაბანდა და არასათანადო კონტროლი საზღვარზე, რაც საქართველოში სეპარატისტულ კონფლიქტებთან ასოცირდება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button