ახალი ამბები

ზურაბიშვილი თბილისი–ბაქოს სარკინიგზო შეთანხმებაზე ეჭვებს გამოთქვამს

ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მოთხოვა იმის განმარტება, ეკონომიურად რამდენად მომგებიანია საქართველოსთვის ყარსი–თბილისი–ბაქოს სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ხომ არ არის ეს კომპრომისი შაჰ–დენიზის გაზის მიღების სანაცვლოდ.


13 იანვარს ქართული და აზერბაიჯანული მხარეები შეთანხმდნენ, რომ რკინიგზის მშენებლობისთვის ბაქო თბილისს 200 მლნ აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს წლიური 1%–იანი განაკვეთით, რაც 25 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს.


“რატომ იღებს საქართველო თავის თავზე ამ გრძელვადიან კრედიტს თუნდაც 1%–იანს, როცა ადრე ეს უნდა ყოფილიყო დაფინანსებული აზერბაიჯანის, თურქეთის და ამერიკის მიერ… ჩვენ ხომ არ წავედით დათმობაზე იმისათვის, რომ მიგვეღო ის გაზი, რომელიც გვჭირდება თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან“, – განაცხდა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ შესაძლოა ბათუმისა და ფოთის პორტების ფუნქციონირებას საფრთხე შეუქმნას და მათი მნიშვნელობა დააკნინოს.


“თუ არ მოხდება ჩვენი პორტებით ტვირთის გადაზიდვა პირდაპირ ევროპაზე შავი ზღვის გავლით, მაშინ ეს რკინიგზა ნიშნავს, რომ გადადის ტვირთი მოკლე გზაზე საქართველოზე და მიდის თურქეთში. ჩვენ ვკარგავთ ჩვენი პორტების ამოქმედების მთავარ საშუალებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


თუმცა საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მსგავს ვარაუდებს უსაფუძვლო უწოდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button