ახალი ამბები

მთავრობა ახალი საავადმყოფოების მშენებლობაში 520 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს

საქართველოს მთავრობამ 15 იანვარს გამოაქვეყნა პროგრამა, რომლის თანახმადაც მომდევნო სამი წლის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ახალი საავამდყოფოს და ამბულატორიის მშენებლობაში 520 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება.   


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი საავადმყოფოები ყველა რეგიონალურ ცენტრში გაიხსნება, მათ შორის 23 თბილისში.


“დღეს ჩვენ გვაქვს არაადექვატური სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ არის ორიენტირებული მომხმარებელზე. სრულიად უვარგისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა ჩვენი უმთავრესი პრობლემაა, ასევე დაფინანსების არაეფექტური მოდელი და ჯანსაღი ეკონომიკური პრინციპების არარსებობა სფეროში. ამ ჯაჭვში საზოგადოება, სახელმწიფო, ექიმი, პაციენტი – არც ერთი რგოლი არ არის კმაყოფილი არსებული სიტუაციით. შესაბამისად, საზოგადოებრივი კონსენსუსი სახეზეა ჯანდაცვის სფეროს რესტრუქტურიზაციის აუცილებლობაში“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 15 იანვარს პროგრამის პრეზენტაციაზე.


მისი თქმით, 350 მილიონი საავადმყოფოების მშენებლობას, 170 მილიონი ლარი კი ამბულატორიების მშენებლობას მოხმარდება.


ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ პროგრამა ითვალისწინებს  თანხების ნაწილის თბილისის სახელმწიფო საავადმყოფოების პრივატიზებიდან მოზიდვას.


მთავრობა პრივატიზაციის ერთ-ერთ პირობად დააყენებს სულ ცოტა ერთი ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ინვესტორის მიერ. 


“მთავარი პრინციპი ის არის, რომ საქართველოს ნებისმიერ პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უახლოეს სამედიცინო ცენტრში 30 წუთში მივიდეს“, – განაცხადა არველაძემ.


“პროგრამის თანახმად, არსებული [სახელმწიფო] საავადმყოფოების გადასვლა ახალ შენობებში 2009 წლისათვის განხორციელდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა.


მთავრობის გეგმა სახელმწიფო სავადმყოფოების პრივატიზების თაობაზე ბევრმა ექიმმა მტკივნეულად მიიღო. ისინი შიშობენ, რომ ამ პროცესის შედეგად მათ უმუშევრობა ემუქრებათ.


თუმცა, ჯანდაცვის მინისტრმა მათი ეს ვარაუდები უარყო და აღნიშნა, რომ “პროფესიონალი ექიმები ახალ საავადმყოფოებშიც იქნებიან საჭირო“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button