ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივანი ქართულ და აფხაზურ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი-მუნმა შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის აქტების გამო და ქართულ და აფხაზურ მხარეებს “რეგიონში მშვიდობის დამყარების მიზნით დიალოგის გამართვისკენ“ მოუწოდა, იტყობინება გაეროს საინფორმაციო სამსახური 15 იანვარს.


აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სახელზე გაგზავნილ მოხსენებაში, რომელიც 11 იანვრით თარიღდება და გასულ სამ თვეს ფარავს, გენერალური მდივანი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დეკემბრის ბოლოს სამი აფხაზი მილიციელის მკვლელობის და 5 იანვარს ქართულ საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელის მოკვლის და ერთის დაჭრის ფაქტებს შეეხო. 


“მე ვგმობ მათ [ძალადობის აქტებს] და მოვუწოდებ მხარეებს ერთად იმუშავონ, რათა გამოავლინონ და პასუხი აგებინონ დამნაშავეებს. მოვუწოდებ ორივე მხარეს დიალოგი გამართონ, რათა თავიდან აიცილონ ადგილზე სიტუაციის ესკალაცია“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი მოხსენებაში.


“მე კვლავაც მჯერა, რომ შეუძლებელია ხანგრძლივი მოგვარების მიღწევა, თუ არ იქნება ორივე მხარის ნება ნამდვილი მოლაპარაკებების გზით მოძებნონ ერთმანეთთან ურთიერთობის სხვა ფორმა“, – დასძინა მან.


პან გი-მუნმა ასევე აღნიშნა, რომ “მხარეთა ყურადღება გადატანილია უფრო აქტიური გარე მხარდაჭერის მოპოვებისკენ, ნაცვლად იმისა, რომ გაიგონ ერთმანეთის წუხილები და მიაღწიონ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“.


გაეროს უშიშროების საბჭო გენერალური მდივნის მოხსენების თაობაზე კონსულტაციებს 24 იანვარს გამართავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button