skip to content
ახალი ამბები

რუსული და უკრაინული სეინერების კაპიტნებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ

ფოთის სასამართლომ რუსული სენერის “გროტის“ კაპიტანს სერგეი რიბკინს 13 იანვარს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.


უკრაინული თევზსაჭერი სეინერის SAVOR-2-ის კაპიტანს 12 იანვარს იმავე სასამართლომ ასევე წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.


ორივე სეინერი საქართველოს სანაპირო დაცვამ ქვეყნის ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთში 10 იანვარს დააკავა. ორივე გემის ეკიპაჟის წევრებს სახელმწიფო საზღვრის დარღვევასა და უკანონო თევზჭერაში ედებათ ბრალი. თუმცა, ყველა მათგანი, გარდა კაპიტნებისა, 2 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა განაცხადა, რომ რუსეთის საელჩო თბილისში შესაბამის ზომებს იღებს რუსეთის მოქალაქეების უფლებების დასაცავად.


“იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაგებით მოეკიდება ამ საკითხს, თავშეკავებას გამოიჩენს თავის განცხადებებსა და ქმედებებში და გაათავისუფლებს გემების კაპიტნებს“, – განაცხადა კამინინმა 13 იანვარს.


საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულმა მხარემ ქვეყნის ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთში სულ 22 გემი დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button