skip to content
ახალი ამბები

გაეროს მისია გმობს ძალადობის ფაქტებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში

გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში გმობს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განმუხურის საგუშაგოზე 5 იანვარს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ერთი ქართველი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.


ეს უკვე ძალადობის მესამე ინციდენტია, იმ აფხაზი სამართალდამცავების მკვლელობების შემდეგ, რომელსაც გალის რაიონში 25 და 26 დეკემბერს ჰქონდა ადგილი, “რაც ძირს უთხრის უსაფრთხოებას კონფლიქტის ზონაში“, – აცხადებს გაეროს მისია საქართველოში.


პრეს–რელიზში, რომელსაც მისია 7 იანვარს ავრცელებს, ასევე ნათქვამია, რომ კონფლიქტის ზონაში გაეროს დამკვირვებელთა რაოდენობა და პატრულირების სიხშირე გაიზარდა. მისია ასევე აპირებს ხელი შეუწყოს მხარეებს ინციდენტის გამოძიების საქმეში.


“გაეროს დამკვირვებელთა მისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ თავდასხმებში დამნაშავეები უნდა იქნენ დაპატიმრებული და სამართალში მიცემულნი. მისია მოუწოდებს ორივე მხარეს ითანამშრომლონ ძალადობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. კიდევ ერთხელ მოუწოდებს დიალოგისკენ და გამოთქვამს მზადყოფნას დახმარება გაწიოს ამ კუთხით“, – ნათქვამია პრეს–რელიზში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button