skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ჯარზე, რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ესაჭიროება რეზერვისტთა “დიდი ჯგუფის“ შექმნა და “მაღალკვალიფიციური” ოფიცრები.


მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბრობდა, განაცხადა, რომ გაზაფხულიდან 1000–1500 სტუდენტი იქნება რეზერვისტთა სამსახურში გაწვეული.


“ჩვენ გვჭირდება მაღალკვალიფიცური ოფიცრები ჩვენი ჯარის მოდერნიზებისათვის; ახალი დონის ინტელექტი გვჭირდება, ჩვენ ინგლისური და სხვა უცხო ენის მცოდნე ხალხი გვჭირდება, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს 100 ათასი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართების მშენებლობას სამხედროებისათვის თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ოფიცრების ხელფასი 600–700 ლარი იქნება. ოფიცრებად მუშაობის მსურველებს 4 წელი მოუწევთ სამსახური.


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონს, რომელიც 27–დან 40 წლამდე მამაკაცების 18–დღიან მომზადებას ითვალისწინებს.  კანონის თანახმად, პიროვნებას შეუძლია თავიდან აიცილოს სავალდებულო სარეზერვო სამსახური იმ შემთხვევაში, თუ 180 ან 200 საათს ალტერნატიულ სამსახურში იმუშავებს.  პირველად აცილების შემთხვევაში, პიროვნება დაჯარიმდება 1000 ლარით. ხოლო თუ ეს ფაქტი მეორედაც განმეორდა, პიროვნებას ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.


“ყველა ახალგაზრდა კაცს იარაღის ჭერასა და გამძლეობას ვასწავლით. პირობები [რეზერვისტთა ბანაკებში] იქნება ძალიან კარგი“, – განუცხადა სააკაშვილმა სტუდენტებს.


მისი თქმით, საქართველოს ერთიანობა სჭირდება, რათა საგარეო ზეწოლის პირობებში გადარჩენა შეძლოს. პრეზიდენტმა  მოიყვანა ფინეთის მაგალითი, “როდესაც მთელი ფინეთი ერთად დადგა, მან საბჭოთა აგრესიის მოგერიება მოახერხა [1939–40 წლებში] – ეს იყო 4 მილიონზე ბევრად ნაკლები ადამიანით დასახლებული ქვეყანა“.


“თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ის, რომ ჩვენ ვეღარასდროს დაგვაბრუნონ იმპერიაში. დღეს ისტორიული დღეა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ოფიცერმა დატოვა საქართველოს დედაქალაქი და იმედია სამუდამოდ“, – განაცხადა 25 დეკემბერს პრეზიდენტმა.


მისი თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა “ცივილიზებულად დატოვეს“ საქართველო და “მე მადლობელი ვარ ამისთვის”.


პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ჯარების გაყვანის პროცესი დასრულდება მაშინ, როცა უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი დატოვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებს.


მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია “იმ საშინელი [საბჭოთა] ყოფის სამართალმემკვიდრე არ არის და იმედია, ჩვენ სრულიად განსხვავებული ურთიერთობის დამყარებას შევძლებთ“.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს “მხოლოდ მშვიდობიანი განზრახვა აქვს“, თუმცა “თუ ვინმეს, ვითომ სხვადასხვა ეროვნული უმცირესობათა ჯგუფების დაცვის მოტივაციით და სინამდვილეში ღია იმპერიული ამბიციით საქართველოში მოსვლის, მისი რომელიმე ტერიტორიის გაუცხოებისა და გასხვისების სურვილი აქვს, მას ეთნიკური ქართველები, ეთნიკური ოსები, ეთნიკური ებრაელები, ეთნიკური აზერბაიჯანელები დახვდებიან, დაამარცხებენ ნებისმიერ მომხვდურს და ამის თითოეულ მოსურნეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button