ახალი ამბები

ნოღაიდელი: საქართველო გაზს რუსეთიდანაც მიიღებს

2007 წელს საქართველოში გაზის მთავარი, დაახლოებით 70%–ის მომწოდებელი აზერბაიჯანი იქნება, თუმცა ასევე გაგრძელდება ალტერნატიული წყაროებიდან, მათ შორის რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


პრემიერ–მინისტრი “საბოლოო ტექნიკური დეტალების“ დაზუსტების მიზნით 25 დეკემბერს ბაქოში გაემგზავრება. აზერბაიჯანული და რუსული გაზის მოწოდების ზუსტი ხვედრითი წილის შესახებ ამ მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ცნობილი.


“აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი საბოლოო ციფრები, რაოდენობები და ყველა ის პირობები, რომელიც მომავალ წელს გვექნება ჩვენი მომხმარებლებისთვის“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


მან პრეზიდენტ სააკაშვილის 19–21 დეკემბრის ვიზიტს თურქეთში, სადაც შაჰ–დენიზის პროექტში თურქეთის კვოტიდან საქართველოსთვის გაზის დათმობის თაობაზე მოლაპარაკებები გაიმართა, “წარმატებული“ უწოდა.


“და ამჟამად ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ამთავრებს ტექნიკურ დეტალებზე მოლაპარაკებას [თურქეთში] ასევე წარმატებით“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button