ახალი ამბები

სახალხო დამცველი შეშფოთებულია საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებით

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების დარღვევის უამრავი ფაქტი დაგროვდა.


“მოხსენებაში, რომელიც ოქტომბერში შევიდა [პარლამენტში], ძალიან ბევრი ფაქტია ასახული, რომელიც კერძო საკუთრების უფლების დარღვევას ეხება“, – განუცხადა სუბარმა რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროს.


პარლამენტმა სახალხო დამცველის 2006 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მოსმენა მომავალი წლისთვის გადადო. სუბარის განცხადებით, “სურვილიც, როგორც ჩანს, დიდი არ იყო უმრავლესობის მხრიდან” ჩატარებულიყო ამ მოხსენების განხილვა.


მისი თქმით, არსებობს ასევე კერძო მფლობელობაში არსებული შენობების თბილისის მერიის შესაბამისის სამსახურის მიერ დანგრევის ფაქტები იმ მიზეზით, რომ ეს შენობები დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს.


“ერთი მაგალითი იყო, როდესაც ქალაქის მერია მივიდა ერთ-ერთი ობიექტის დასანგრევად, მაგრამ მეპატრონემ გაასაჩივრა სასამართლოში, რაც იმას ნიშნავდა, რომ დანგრევა არ უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ ამის მიუხედავად, მერიამ ეს შენობა მაინც დაანგრია“, – აცხადებს სუბარი.


მისი მონაცემებით, საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები 2004 წლიდან გახშირდა.


“წინა მოხსენებაში მქონდა როგორ წაართვეს გორში სრულიად კანონიერად პრივატიზებული მიწის ნაკვეთები პიროვნებებს“, – დასძენს სახალხო დამცველი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button