skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: მთავარი აქცენტი შაჰ–დენიზის გაზზეა, მაგრამ გრძელდება მუშაობა სხვა წყაროებთან

მომავალი წლიდან საქართველო ძირითადად აზერბაიჯანულ შაჰ–დენიზის გაზს მიიღებს, მაგრამ გაგრძელდება მოლაპარაკებები გაზის მომწოდებელ სხვა წყაროებთანაც, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტამბოლში თურქეთის პრემიერ–მინისტრთან რეჯეფ ტაიპ ერდოგანთან მოლაპარაკებების შემდეგ. პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა, რომ მომავალი წლიდან გაზზე ტარიფი, სავარაუდოდ, გაიზრდება.


“მოლაპარაკებების შემდეგ მთლიანობაში ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა აქ შეიძლება იყოს ბევრი ტექნიკური საკითხი. მთავარი რამ, რაც ჩვენ უნდა გვესმოდეს: საქართველო აღარასდროს აღარ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მომწოდებელზე… მთავრობას დავალებული აქვს რამდენიმე წყაროზე იმუშაოს, მაქსიმალურად უკეთესი პირობები მივიღოთ ყველა ამ წყაროსგან იმისათვის, რომ მთლიანობაში საქართველო იყოს დაცული“, – განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს.


“მაინც მთავარი აქცენტი არის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანულ შაჰ–დენიზის გაზზე. სტრატეგიულად ეს იქნება ჩვენი მთავარი მომწოდებელი, თუმცა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ასევე სხვადასხვა ხაზები იმისათვის, რომ ყოველთვის გვქონდეს გართულების შემთხვევაში სხვა გაზის მიღების საშუალება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების დეტალები, რომელმაც თვის დასაწყისში მზადყოფნა გამოთქვა შაჰ–დენიზის პროექტში საკუთარი კვოტიდან საქართველოს 800 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დაუთმოს.


საქართველოს გაზით მომარაგების სამი პოტენციური წყარო გააჩნია: შაჰ–დენიზის გაზსადენიდან, რომელშიც აზერბაიჯანი და თურქეთი არიან ჩართულები; რუსეთიდან და ირანიდან. 


რუსული “გაზპრომი“ საქართველოს 1000 კუბურ მეტრ გაზზე 235 აშშ დოლარის გადახდას თხოვს. ამჟამად საქართველო მხოლოდ რუსეთიდან იღებს გაზს, რომელიც კონტრაქტის გაუფორმებლობის შემთხვევაში 1 იანვრიდან შეუწყდება.


ირანთან კი მოლაპარაკებები თვის ბოლოს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თეირანში ვიზიტისას გაიმართება.


პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა, რომ მომავალი წლიდან გაზზე შიდა ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს.


“მთლიანობაში მსოფლიო ბაზარზე გაზის ფასი იზრდება. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ნაკლებად გადატყდეს ეს თითოეულ ქართულ ოჯახზე იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად ვიცი როგორ უჭირს თითოეულ ოჯახს. ამაზეც მთავრობას აქვს მიცემული დავალებები იმუშაონ ტექნიკურ დონეზე, კომერციულ დონეზე, მაქსიმალურად საუკეთესო შუალედური ვარიანტის მოპოვებისთვის იმისათვის, რომ გადასვლა იყოს მაქსიმალურად ნაკლებად მტკივნეული. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი, მაგრამ მთლიანობაში ჩვენი ამოცანაა, რომ ზამთარში საქართველოში თითოეული ადამიანი იყოს დაცული, გამთბარი და საქართველოში იყოს შუქი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 21 დეკემბერს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button