ახალი ამბები

მერაბიშვილი: “კრიმინალურმა სამყარომ“ უდიდესი დარტყმა მიიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს “კრიმინალურმა სამყარომ“ უდიდესი დარტყმა განიცადა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავმა სტრუქტურებმა 20 დეკემბერს კანონიერი ქურდების ე.წ. “ობშიაკი“ ამოიღეს და 18 ეჭვმიტანილი დააპატიმრეს.


თბილისში პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაპატიმრებულ 18 პირს “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ედება ბრალი.
პარლამენტის მიერ 2005 წელს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლის მიზნით მიღებული კანონი განსაზღვრავს ტერმინს “ქურდული სამყარო“. კერძოდ, ქურდული სამყარო არის იმ პირთა ერთობა, რომელიც სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებს და მიზანია დაშინებით, მუქარით, ქურდული გარჩევების, დანაშაულის ჩადენისა ან წაქეზების გზით სარგებლის მიღება. ქურდული სამყაროს წევრებს ორანიზებას კანონიერი ქურდი უწევს. 


“ეს დაპატიმრებული პირები ე.წ. ობშიაკის შეგროვებით იყვნენ დაკავებულნი… და ეს ობშიაკიც ამოვიღეთ“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


თუმცა, მან არ დააკონკრეტა ამოღებული “ობშიაკის“ რაოდენობა.


“დღეს ჩვენმა კრიმინალურმა სამყარომ მიიღო ძალიან სერიოზული დარტყმა, პრაქტიკულად მათი მთავარი ხერხემალი გატყდა… ეს არის სერიოზული ნაბიჯი კრიმინალური სამყაროს დამარცხებისკენ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button