skip to content
ახალი ამბები

მაუწყებელთა ეთიკის კოდექსის მიღება გადაიდო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ მან აპრილისთვის გადადო მაუწყებელთა ეთიკის კოდექსის მიღება.


მაუწყებლობის შესახებ კანონი ავალებს კომისიას წლის ბოლომდე მიიღოს ეთიკის კოდექსი, რომლის პროექტმაც სამაუწყებლო კომპანიების უმეტესობის წინააღმდეგობა და პროტესტი გამოიწვია. ახლა პარლამენტს, როგორც ჩანს, მოუწევს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა და იმ დებულების ამოღება, რომელიც ამ კოდექსის მისაღებად მარეგულირებელ კომისიას ბოლო ვადას უწესებს.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი ქიტოშვილმა განაცხადა, რომ დოკუმენტის საჯარო განხილვა 2007 წლის 1 აპრილამდე გაგრძელდება.


64-გვერდიანი დოკუმენტი სამაუწყებლო კომპანიებისთვის დეტალურ სახელმძღვანელო პრინციპებს და სტანდარტებს მოიცავს. კანონის თანახმად, ეთიკის კოდექსი ნორმატიული აქტი უნდა იყოს. ეს მაუწყებელთა უმეტესობის პროტესტის კიდევ ერთი წყაროა, რადგანაც ისინი შიშობენ, რომ დოკუმენტი ტელევიზიებზე ხელისუფლების ზეწოლის იარაღი გახდება იმ შემთხვევაში, თუ ის იურიდიულად სავალდებულო ხასიათს შეიძენს.


“საკმაოდ ბევრია შენიშვნები და საკმაოდ ბევრია წინადადებები და ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა შემოსული აზრი, რას მივიღებთ ეს, რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს იქნება კომისიის გადასაწყვეტი… ჩვენი აზრი არის ასეთი, რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს ერთიანი უნიფიცირებული ქცევის წესები, რომლის განხორციელებაც უნდა იყოს მთლიანად ავტონომიური მაუწყებელთა თვითრეგულაციის ორგანოს  მხრიდან“, – განაცხადა დიმიტრი ქიტოშვილმა.


ტელეკომპანიები “იმედი“ და “კავკასია“ ყველაზე მწვავედ აკრიტიკებდნენ ეთიკის კოდექსს. შედარებით ფრთხილი იყვნენ კრიტიკაში ტელეკომპანიები “რუსთავი 2“-მა და “მზე“, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხარი დაუჭირა შემოთავაზებულ ვარიანტს.


 



 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button