
სოხუმი და თბილისი ერთმანეთს ჰუმანიტარული ორგანიზაციების საკითხის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თბილისი სეპარატისტულ რეგიონში მოქმედი 12-მდე საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობის ”შეფერხების” მცდელობაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით საქართველოს ხელისუფლება ”ზეწოლას ახდენს” ამ ორგანიზაციებზე, რათა მათ ხელი არ მოაწერონ სოხუმთან მემორანდუმს, რომელიც რეგიონში მათი საქმიანობის ”სამართლებრივ ჩარჩოს” განსაზღვრავს.
ინგლისურენოვან განცხადებაში, რომელიც 1 მარტით თარიღდება, ბაღაფში აცხადებს, რომ ამ მცდელობებმა შესაძლოა ათასობით ადამიანი ამ ორგანიზაციების ჰუმანიტარული მომსახურების გარეშე დატოვოს.
რადიო ”თავისუფლების” რუსულენოვანი ”ეხო კავკაზა” იტყობინებოდა თებერვალში, რომ სოხუმმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და რეგიონში მოქმედ გაეროს რამდენიმე სააგენტოს (გაეროს განვითარების ფონდს, ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს და გაეროს ბავშვთა ფონდს) თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა შესთავაზა, რომლის პრეამბულაც შემდეგ ფორმულირებას შეიცავს: ”პატივს სცემენ რა აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”. ამის საპასუხოდ, რამოდენიმე ამ ორგანიზაციამ სოხუმს ”ქცევის კოდექსის” ხელმოწერა შესთავაზა, რომელიც ”ეხო კავკაზას” ინფორმაციით, ნაწილობრივ აფხაზეთის მიერ შემოთავაზებული მემორანდუმის მსგავსი იყო, თუმცა რეგიონის სტატუსზე მინიშნებას არ შეიცავდა.
ბაღაფშმა განაცხადა, რომ ქცევის კოდექსს ”რაიმე სამართლებრივი ძალა არ გააჩნია” და ”არც ერთი მთავრობა არ დაუჭერს მხარს და არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ მოუნდება, რომ მისმა თანამშრომლებმა ასეთ გაურკვეველ პირობებში იმუშავონ”. მან ასევე მოუწოდა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მოსთხოვონ თბილისს შეწყვიტოს ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობის ”პოლიტიზირების კამპანია”.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სოხუმი მოსკოვის მხარდაჭერით თავად ახდენს საკითხის პოლიტიზირებას, ცდილობს რა არ გაუშვას შესაძლებლობა და მემორანდუმში სტატუსზე მინიშნებით აღიარების ლეგიტიმაცია მიიღოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)