ახალი ამბები

ახალი ოპოზიციური პარტია

დღეს ახალი ოპოზიციური პარტიის "ეროვნული ფორუმის“ დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართა. პარტიის თავმჯდომარედ კახა შარტავა აირჩიეს.

კახა შარტავა ახალი სახეა ქართულ პოლიტიკაში. იგი 1993 წელს, სოხუმის დაცემის დღეს აფხაზი მეომრების მიერ მოკლული, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას შვილია.

37 წლის კახა შარტავა ყოფილი დიპლომატია. 1996–2000 წლებში ის მოსკოვში საქართველოს საელჩოში მუშაობდა.

პარტიის სხვა ლიდერები არიან კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე რეზო შავიშვილი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნიკო ორველაშვილი, ტრადიციონალისტთა კავშირის ყოფილი წევრები ირაკლი მელაშვილი და გუბაზ სანიკიძე.

"ჩვენი ამოცანაა შევქნათ პარტია, რომელიც პირველივე არჩევნებზე დაამარცხებს ხელისუფლებას. ჩვენ არ ვაპირებთ ვიბრძოლოთ 5% ან 7%–თვის და ექვსი კაცით შევიდეთ პარლამენტში… ეს უნდა იყოს პარტია, რომელიც მოიგებს არჩევნებს და შეცვლის ქვეყანაში ვითარებას“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა დამფუძნებელ კონფერენციაზე.

პარტიამ, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბების მომხრეა, 15 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ძირითადი ყურადღება აფხაზეთზე გაამახვილა. 

კახა შარტავას განცხადებით, ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები, რამაც აფხაზეთში 90–იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გარეშე ქართულ და აფახაზურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა გაჭირდება.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button