ახალი ამბები

გილაური გაზის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 13 დეკემბერს დაადასტურა, რომ თურქეთი შაჰ-დენიზის პროექტში კუთვნილი წილიდან მზად არის საქართველოს 800 მილიონი კუბური მეტრი გაზი მისცეს  2007 წელს.


თუმცა, გილაურმა ასევე განაცხადა, რომ ეს არ არის გაზის მთლიანი მოცულობა, რომლის მიღებასაც საქართველო შაჰ-დენიზის საბადოდან ვარაუდობს.


“გარდა თურქეთის წილისა, არსებობს ასევე საქართველოს წილი შაჰ-დენიზიდან და ამას კიდევ ემატება სხვა რეზერვები. დეტალებზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექსპერტთა დონეზე და გაზის ზუსტი რაოდენობა და მისი ღირებულება ერთ კვირაში, მაქსიმუმ ათ დღეში გახდება ცნობილი“, – განუცხადა გილაურმა ჟურნალისტებს.


საქართველოს დელეგაცია ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ხეთაგურის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს ამ საკითხზე ბაქოში 14 დეკემბერს გამართავს.


აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები ცოტა ხნის წინ იტყობინებოდნენ, რომ თურქეთი მზად არის 1,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გამოუყოს აზერბაიჯანს და 800 კუბური მეტრი – საქართველოს თავისი წილიდან – 2,8 მილიარდ კუბური მეტრიდან.


გილაურის განცხადებით, ამ რაოდენობაში  – 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზში – არ შედის ის 250 მილიონი კუბური მეტრი, რომელიც საქართველოსთვის თავდაპირველ კონტრაქტში არის გათვალისწინებული.


ასე რომ, სავარაუდოდ, საქართველო მომავალ წელს შაჰ-დენიზის საბადოდან საერთო ჯამში 1,05 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.


2006 წელს საქართველოს გაზის მოხმარება 1,9 მილიარდ კუბურ მეტრს  შეადგენს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button