ახალი ამბები

კოკოითი მოლაპარაკებებზე და შეიარაღებული ძალების შემცირების გეგმებზე საუბრობს

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ის მზად არის დაიწყოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 30%-ით შემცირება იმ იმედით, რომ ქართული მხარეც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 11 დეკემბერს.


ცხინვალი თბილისს კონფლიქტის ზონაში და მის გარშემო “მილიტარიზაციაში“ ადანაშაულებს.


საქართველოს მთავრობის 2006 წლის თებერვლის ანგარიშით, სამხრეთ ოსეთის მხარეს სულ 5 500 სამხედროს მობილიზება შეუძლია, რეზერვისტების ჩათვლით. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საჯარისო შენაერთებში 2 260 სამხედრო შედის; შინაგან საქმეთა სამინისტროში – 1 100; უშიშროების კომიტეტში – 100; უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებში – 2 100.


ცხინვალში 11 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას ედუარდ კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ მას სურს განახლდეს მოლაპარაკებები შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, კოკოითმა განაცხადა, რომ ის მზად არის შეხვდეს შსკ-ს თანათავმჯდომარეებს და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს მურატ ჯიოევს ამ შეხვედრის ორგანიზება დაავალა.


“ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების პროცესი პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა კოკოითმა.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button