skip to content
ახალი ამბები

კომპანია Kempinski თბილისში სასტუმროს აშენებს

Kempinski Hotels-მა, რომლის შემადგენლობაში ასევე შედის Capital Vostok Ltd., 9 დეკემბერს თბილისის ცენტრში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის თაობაზე კონტრაქტი გააფორმა.


“ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში 5 ახალი დიდი ფირმა შემოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო და თბილისი მსოფლიო რუკაზე ძალზე მყარად მკვიდრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრად მეტი ტურისტი და მოგზაური ჩამოვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 დეკემბერს პროექტის პრეზენტაციაზე.


მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოში იქნება სამშენებლო ბუმი, რაც სამჯერ მეტ მუშახელს მოითხოვს, “ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ადამიანური რესურსის უდიდესი დეფიციტი გვექნება ამ სექტორში“.

პრეზიდენტი სააკაშვილი 10 დეკემბერს ასევე დაესწრო ბათუმში სასტუმრო შერატონის მშენებლობის დაწყების პრეზენტაციას.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ანალოგიურ პრეზენტაციაში მონაწილეობა ერთი თვის წინაც მიიღო, როდესაც თბილისის ცენტრში InterContinental Hotels Group-ის მიერ კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.


Krier-Kohl Architects-ის დიზაინით დაგეგმილი Kempinski-ს 200-ოთახიანი სასტუმროს მშენებლობა, სავარაუდოდ 2010 წლისათვის დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობაში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებაა დაგეგმილი. 


თავდაპირველად, რუსთაველის გამზირზე მდებარე ე.წ “იმელის” შენობა საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დაეკავებინა. ამ მიზნით გარკვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც განხორციელდა, თუმცა შემდეგ შენობა Capital Vostok Ltd.- ს გადაეცა – კომპანიას, რომელიც საქართველოში თავისი შვილობილი კომპანიის – უძრავი ქონების საინვესტიციო ფირმა Aword-ის მეშვეობით ფუნქციონირებს.


Aword-ის განცხადებით, Capital Vostok Ltd. არის ბრიტანულ-შვეიცარული კომპანია, რომელიც City Capital Management-ის მიერ ჩამოყალიბდა შავი ზღვის რეგიონში სასტუმროების და I კლასის საოფისე ფართების ქსელის განვითარების მიზნით.


თბილისში გამართულ პრეზენტაციას Capital Vostok-ის დამფუძნებელი მაიკლ ტიპინიც დაესწრო. იგი ტორონტოში მდებარე Tippin Corporation-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. კანადური გაზეთის Globe and Mail-ის ცნობით, Tippin Corporation-მა ამ ზაფხულს განაცხადა, რომ ტორონტოში თავისი ქონების გაყიდვას გეგმავს, რათა აღმოსავლეთ ევროპაში დააბანდოს ინვესტიციები.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button