skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს სამხედრო ტრანზიტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩს ირაკლი ჩუბინიშვილს განუცხადა პროტესტი ქართული მხარის მიერ რუსული სამხედრო ტვირთისა და პერსონალის ტრანზიტის თაობაზე შეთანხმების დარღვევის გამო.


“ამჯერად თბილისმა უბრალოდ იგნორირება გაუკეთა და უპასუხოდ დატოვა განაცხადი 8–22 დეკემბრისათვის შესრულებულიყო რუსეთის საჰაერო ძალების გეგმიური ფრენა რუსეთის 102–ე ბაზის მიმართულებით გიუმრში (სომხეთში)“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება საინფორმაციო შეტყობინებაში.


მოსკოვის განცხადებით, ქართული მხარის ქმედება “წინასწარ განზრახული მცდელობაა“ ხელი შეეშალოს გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის “ნორმალურ ფუნქციონირებას“ და ასევე იქმნება რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის დამაბრკოლებელი პირობები. 
 
“ამ ქმედებების დემონსტრაციული ხასიათი მოწმობს მიზანმიმართულ მცდელობებს ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის კიდევ უფრო ზრდისაკენ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ტვირთისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება 2006 წლის 31 მარტს გაფორმდა.


ხუთწლიანი ხელშეკრულება ავალდებულებს რუსეთს არ გადასცეს საქართველოს ტერიტორიის გავლით გაყვანილი ტექნიკა და შეიარაღება მესამე ქვეყანას. ტრანზიტული სამხედრო ტვირთის რაოდენობა რუსეთსა და საქართველოს შორის წინასწარ იქნება შეთანხმებული წელიწადში ერთხელ.


რუსეთი ასევე იღებს ვალდებულებას არ მოახდინოს ბიოლოგიური, ბირთვული და ქიმიური ნივთიერებების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის და მისი კომპონენტების ტრანსპორტირება.


შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტზე უარი განაცხადოს, თუ სამხედრო ტვირთის მოძრაობა საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ უსაფრთხოებას და თუ სამხედრო ტვირთის დანიშნულების ადგილი კონფლიქტის ზონებში ან ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოებშია.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button