skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი სოხუმისა და ცხინვალისთვის კონფედერაციის შესახებ წინადადებას ამზადებს

მოსკოვი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების მიზნით გეგმას ამზადებს, რომელიც ეფუძნება კონფედერაციის ტიპის “ერთიანი სახელმწიფოს“ პრინციპს და რომელიც საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გააერთიანებს, წერს რუსული გაზეთი “კომერსანტი” 12 დეკემბერს.   


ამ გეგმის პირველადი განხილვა კვირის ბოლოსაა დაგეგმილი. გაზეთის ცნობით, სწორედ ამ დროისთვის იგეგმება სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის ვიზიტი მოსკოვში.


რუსეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე რაიმე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


“ამ გეგმის თანახმად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად საქართველოს შემადგენლობაში შევლენ, თუმცა ფაქტიურად დამოუკიდებელი სუბიექტები იქნებიან“, – წერს “კომერსანტი“.


განვლილ პერიოდში თბილისმა უკვე რამდენჯერმე უარყო კონფედერაციის იდეა, რომელშიც ამ კონფედერაციის სუბიექტს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს “ერთიანი სახელმწიფოს“ წევრობა.


“ეს საკითხი არ არის რუსეთის გადასაწყვეტი. მოდელი იქნება ისეთი, როგორიც საქართველოს მხრიდან შეთანხმებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობასთან, სადაც აბსოლუტურად იქნება დაცული ყველა აფხაზის, ყველა ოსის და ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის უფლებები და არასოდეს არ ექნება ადგილი ისეთ აღმაშფოთებელ ფაქტებს, როგორსაც ახლა აქვს ადგილი რუსეთში საქართველოს მოქალაქეების მიმართ. თუ სურს რუსეთს, კოსოვოს მოდელი შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 12 დეკემბერს.  


“კონფედერაციაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გამოყოფის უფლება და იქნება ერთიანი კონსტიტუცია“, – განაცხადა დეპუტატმა ნიკა გვარამიამ ნაციონალური მოძრაობიდან.   


გაზეთი “კომერსანტი” წერს, რომ ეს განზრახვა უფრო რეალური მას შემდეგ გახდება, რაც გაეროს გეგმის პროექტის საფუძველზე კოსოვოს სტატუსი განსაზღვრება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია და რომელიც, ნაცვლად რეგიონის სრული დამოუკიდებლობისა, ითვალისწინებს კოსოვოში ძალაუფლების საერთაშორისო ზედამხედველებისათვის გადაცემას.  


რუსეთი აცხადებს, რომ კოსოვოს საკითხი უნივერსალური უნდა გახდეს სხვა კონფლიქტებისათვის.


“კომერსანტის“ ცნობით, რუსეთს გაუადვილდება დასავლური სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე მისი ახალი გეგმის მიმართ, თუ მოსკოვი “მეტ გაგებას“ და მხარდაჭერას გამოხატავს კოსოვოს შესახებ გაეროს გეგმის პროექტისადმი. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button