ახალი ამბები

სოხუმი ქართული პოლიციის მიერ აფხაზეთის თანამდებობის პირის დაპატიმრებას გმობს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ მან საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა და შესაძლოა სამეგრელოს რეგიონს ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყვიტოს.


აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის პასუხი გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების ადმინისტრაციის უფროსის ფრიდონ ჩაკაბერიას დაპატიმრებაზე.


ჩაკაბერია ქართველმა სამართალდამცავებმა ზუგდიდში ნარკოტიტების გადატანის ბრალდებით დააპატიმრეს. აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ჩაკაბერია ზუგდიდში სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად ჩავიდა.


“ჩვენ უკვე ჩავკეტეთ საზღვარი საქართველოსთან. შესაძლოა, ენერგომომარაგება შევუწყვიტოთ საქართველოს დასავლეთის რეგიონებს“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ინტერვიუში, რომელიც 8 დეკემბერს მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩაკაბერიას დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით განხორციელდა, რაც მიზნად ისახავდა გალის რაიონის “ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას“.


ბაღაფშის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს დააშინოს ყველა ის ქართველი, რომელიც გალში ცხოვრობს და აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.


“ყველა ქართველი, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს, მტრად მიიჩნევა საქართველოში. ამრიგად, თბილისი ცდილობს დასაჯოს გალის რაიონის ყველა ის მაცხოვრებელი, რომელსაც რეალური სწრაფვა გააჩნია მშვიდობიანი ცხოვრებისაკენ“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა.


“საქართველომ ერთხელ უკვე დაამტკიცა თავისი აგრესიული ზრახვები… ამ ქმედების მიზანია არ დაუშვას [გალის] რაიონის ინტეგრაცია აფხაზურ სივრცეში“, – დასძინა მან.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგმო ფრიდონ ჩაკაბერიას დაპატიმრების ფაქტი და მისი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.


“მოვუწოდებთ მოლაპარაკებების პროცესის ყველა მონაწილეს ყველა ღონეს მიმართოს, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ქმედებები, რამაც შესაძლოა საპასუხო ნაბიჯები და დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს“, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 8 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.       


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button