skip to content
ახალი ამბები

შაჰდენიზის გაზის მოწოდებაზე საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის

საქართველომ და აზერბაიჯანმა შაჰდენიზის პროექტის ფარგლებში 2007 წლიდან შესაძლოა დამატებითი გაზი თურქეთის კვოტიდან მიიღონ,  განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან თბილისში 8 დეკემბერს გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად.


“დიდი ნაბიჯი იქნა გადადგმული წინ. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის რაღაც ნაწილიდან 2,8 მილიარდი კუბური მეტრიდან, რაც თურქეთისთვის არის გამოყოფილი, 2007 წელს გარკვეული ნაწილი გადანაწილდეს საქართველოზე და აზერბაიჯანზე. ჯერ–ჯერობით არ არის გარკვეული მოწოდების საბოლოო თარიღები და საბოლოო ციფრები. დამატებითი შეხვედრა ექსპერტების დონეზე ერთი კვირის განმავლობაში ბაქოში გაიმართება“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ნიკა გილაურმა.


სამი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა 8 დეკემბერს ასევე გამართეს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. 


პირველი გაზის ნაკადი 10 მლნ კუბური მეტრის ოდენობით საქართველოში ბაქო–თბილისი–ერზერუმის გაზსადენის მეშვეობით 15 დეკემბრისთვის შემოვა. არსებული შეთანხმებით, მომავალ წელს ამ გაზსადენის მეშვეობით საქართველო მთლიანობაში 250 მილიონ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, აქედან 200 მილიონ კუბურ მეტრს  როგორც სატრანზიტო ქვეყანა და 50 მილიონ კუბურს მეტრს შეღავათიან ფასად – 55 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე.


თუმცა საქართველოს, ისევე როგორც აზერბაიჯანს პროექტის ფარგლებში დამატებითი გაზის მიღება სურთ რუსული გაზის ფასის მოსალოდნელი გაორმაგების ფონზე.


საქართველოს შაჰდენიზის პროექტის ფარგლებში დამატებით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შეძენა სურს. ეს რაოდენობა მომხმარებელთა დიდ ნაწილს დააკმაყოფილებს. 2006 წელს საქართველოში გაზის მოხმარება 1,9 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button