ახალი ამბები

რუსეთის სათათბირომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესახებ განცხადებები მიიღო

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, ნათქვამია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ 6 დეკემბერს მიღებულ ორ განცხადებაში, იუწყებიან სააგენტოები “რია ნოვოსტი” და “ინტერფაქსი”.


აფხაზეთის შესახებ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ურთიერთობები აფხაზეთთან თვითგამოცხადებული რეგიონის პარლამენტის თხოვნას უნდა დაეფუძნოს, რომელიც მოუწოდებს რუსეთს ცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და “ასოცირებული ურთიერთობები” დაამყაროს რეგიონთან.


განცხადებაში საქართველოს ხელისუფლება დაძაბულობის გამწვავებაშია დადანაშაულებული და ნათქვამია, რომ თბილისის აგრესიული პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ “საფრთხეს უქმნის აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსეთის ფედერაციის ათასობით მოქალაქეს“ .
 
სამხრეთ ოსეთის შესახებ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 ნოემბერს თვითგამოცხადებულ რეგიონში ჩატარებულმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმმა გამოავლინა მოსახლეობის “აშკარა სწრაფვა“ დამოუკიდებისაკენ, რაც “მხედველობაში უნდა მიიღოს საერთაშორისო საზოგადოებამ ადამიანის უფლებათა, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button