skip to content
ახალი ამბები

თბილისი რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თაობაზე აფრთხილებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მოუწოდებენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არ მიიღონ განცხადებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თაობაზე.


რუსეთის სათათბირო დღეს განიხილავს ორი განცხადების პროექტს – პირველი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 ნოემბერს გამართული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის აღიარებისკენ მოუწოდებს, მეორე კი ეხება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თხოვნას რუსეთისადმი, აღიაროს რეგიონის დამოუკიდებლობა.


“იმედია, რუსი კოლეგები არ გადადგამენ ამ ნაბიჯს, რომელიც სრულიად მიუღებელია საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით და ასევე იმ ვალდებულებების თვალსაზრისით, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოსთან დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებში. მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას რუსეთის სათათბირო მიიღებს, მსოფლიო კიდევ ერთხელ დაინახავს, ვისთან აქვს საქართველოს საქმე და რა რეალური ინტერესები დგას იმ წნეხის და ზეწოლის უკან, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს მიმართ“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 6 დეკემბერს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა რუსეთის სათათბიროს შესაძლო გადაწყვეტილებას “შეცდომა“ უწოდა.


“ჩემი მხრიდან, მოვუწოდებ რუსეთის მხარეს ძალიან სერიოზულად დაფიქრდეს იმაზე, თუ რას აკეთებს და რის გაკეთებას აპირებს. თუმცა, მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მე მინდა ვნახო რამდენად რეალისტურია ეს პროცესი. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შეცდომა იქნებოდა“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა 6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button