skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატები კონტროლის პალატის საქმიანობის შესწავლას მოითხოვენ

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ საჭიროა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რათა გამოძიებულ იქნას ის განცხადებები, რომელთა მიხედვითაც გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტროლის პალატას ზოგიერთი ყოფილი ოფიციალური პირის წინააღმდეგ საქმეების გაყალბების იარაღად იყენებდნენ. 


კონტროლის პალატის ყოფილმა წარმომადგენელმა ნუგზარ ნაჭყებიამ 1 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „რეაქცია“ განაცხადა, რომ მასზე პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ, რათა მოემზადებინა დოკუმენტი, რომელიც სატყეო დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ბიძინა გიორგობიანს და „საქსტანდარტის“ ყოფილ უფროსს მიხეილ ჯანიკაშვილს ფინანსურ დარღვევებში  დაადანაშაულებდა; ეს უკანასკნელი ამჟამად დაპატიმრებულია.       


„ორივე მათგანი აბსოლუტურად უდანაშაულო იყო და მათ წინააღმდეგ საქმეები გაყალბდა. მე ამის შესახებ მივანიშნე ჩემს დოკუმენტებში, რამაც გააბრაზა პროკურორები“, – განაცხადა ნაჭყებიამ.


ბიძინა გიორგობიანი 2005 წლის მარტში გერმანიაში გაიქცა. ამჟამად, ის ფინანსური მაქინაციების ბრალდებით საქართველოს მიერ იძებნება. გიორგობიანის თქმით, მას ეძებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადგანაც მან გამოააშკარავა ის სქემა, რომლის საშუალებითაც შსს-ს მაღალჩინოსნები ქართული ტყის უკანონო ექსპორტს აწარმოებდნენ.


„განცხადებები კონტროლის პალატის მიერ ანტიკონსტიტუციურ და უკანონო საქმიანობის განხორციელების თაობაზე გამოძიებულ უნდა იქნას. კონტროლის პალატა პარლამენტის დაქვემდებარებაშია, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ კომისიის შექმნას, რომელიც კონტროლის პალატის საქმიანობას შეისწავლის. კომისიის საქმიანობაში თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ პრეს-კონფერენციაზე.


დეპუტატებს მმართველი პარტიიდან ოპოზიციონერი კანონმდებლების ამ ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button