skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი და გილაური ბაქოში გაემგზავრნენ

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა, სადაც აზერბაიჯანული შაჰდენიზის საბადოებიდან დამატებითი გაზის მოწოდების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან.


პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრები აზერბაიჯანის მრეწველობის და ენერგეტიკის მინისტრთან ნატიკ ალიევთან, ტრანსპორტის მინისტრთან ზია მამედოვთან, აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კომპანიის პრეზიდენტთან როვნაგ აბდულაევთან.


ბაქოში პრემიერ–მინისტრს თან ახლავს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხეთაგური.


“მთავარი თემა, რა თქმა უნდა გაზის თემა იქნება. ლაპარაკია სწორედ იმაზე, რომ 250 მილიონი კუბური მეტრი გაზი შაჰ-დენიზიდან – რაც არსებული კონტრაქტითაა გათვალისწინებული – გაიზარდოს და აზერბაიჯანულმა გაზმა საქართველოს მოხმარების უდიდესი ნაწილი დააკმაყოფილოს”, – განუცხადა გილაურმა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე.


“მოლაპარაკებები დამთავრდება თუ არა, შედეგების შესახებ გაცნობებთ”, – განუცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა ჟურნალისტებს.


არსებული კონტრაქტით, შაჰდენიზის გაზსადენის მეშვეობით საქართველო 200 მილიონ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა; ამას ემატება 50 მილიონი კუბური მეტრი შეღავათიან ფასად – 55 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button