ახალი ამბები

პუტინსა და სააკაშვილს შორის საუბარი შედგა, თუმცა არა ორმხრივი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მინსკში ვიზიტი დაასრულა, სადაც 28 ნოემბერს დსთ-ს ლიდერთა სამიტში მიიღო მონაწილეობა. ცალკე შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სამიტის ფარგლებში არ გამართულა. 


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის “ძალიან სასარგებლო” საუბარი შედგა დსთ–ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს გაფართოებული სხდომის დროს, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.


“ადგილი ჰქონდა აზრთა გაცვლა–გამოცვლას პრეზიდენტ სააკაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის, ვფიქრობ, რომ ეს იყო სასარგებლო, ორივე მხრიდან მშვიდი და არ არის იმედი დაკარგული, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება ორივე მხარეს კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში“, – განაცხადა ნაზარბაევმა ქართულ–რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა აქვე დასძინა, რომ მისთვის უხერხულია კოლეგების მაგივრად საუბარი. 


ყაზახეთის პრეზიდენტი, რომელიც დსთ-ს თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს, ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.  პრესკონფერენციას ასევე დაესწრო დსთ–ს აღამსრულებელი მდივანი ვლადიმერ რუშაილო.


“დღეს ყველა პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ ეს [დსთ] შეხვედრისათვის აუცილებელი ადგილია, დსთ არავის ხელს არ უშლის, სხვა საკითხია მისი ეფექტურობა, ამას კი ჩვენ განვიხილავთ“, – განაცხადა ნაზარბაევმა.


ეს კომენტარი ყაზახეთის პრეზიდენტმა გააკეთა კითხვაზე, გააკრიტიკა თუ არა საქართველომ დსთ სამიტის დროს.


“ჩვენ გაგვაჩნია სამართლებრივი ბაზა და არცერთი ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს მხრიდან დსთ–დან გასვლის თაობაზე ჩვენ არ მიგვიღია, ასეთ საუბრებს კი ადგილი ჰქონდა ადრეც“, – განაცხადა ვლადიმერ რუშაილომ. 


პრეზიდენტ სააკაშვილს სამიტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.


ჟურნალისტები მინსკში ელოდნენ, რომ დსთ-ს ყველა ლიდერი მიიღებდა პრესკონფერენციაში მონაწილეობას, მაგრამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჟურნალისტებს აცნობეს, რომ მხოლოდ ყაზახეთის პრეზიდენტი და დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი გამართავდნენ ხანმოკლე პრესკონფერენციას. 


2004 წელს ასტანაში დსთ-ს სამიტის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


მინსკში გამგზავრებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი დსთ-ს სამიტზე მიდიოდა იმის გამო, რომ “საქართველოს არ აქვს არანაირი უფლება არ გამოიყენოს ყველა ტრიბუნა“ და იმედოვნებდა, რომ პუტინთან გამართავდა ორმხრივ შეხვედრას.


ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ საქართველოს ყველა შანსი უნდა გამოეყენებინა, რათა ეჩვენებინა დასავლეთისთვის, რომ თბილისი მზად იყო პუტინთან დიალოგისთვის.


“თავად პუტინისთვის იქნება ნეგატიური, თუ ის არ მიიღებს თბილისის წინადადებას ორმხრივ შეხვედრაზე“, – განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია “იმედს“ 27 ნოემბერს.  


საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სააკაშვილი მინსკის სამიტის ფარგლებში თავის აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებს შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button