skip to content
ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი გახდება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხეთაგური საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ახალი გენერალური დირექტორი გახდება.


“ხეთაგური არის პიროვნება, რომელიც ენერგეტიკის მინისტრთან ნიკა გილაურთან ერთად ინტენსიურად მუშაობდა ქვეყნის ენერგოსისტემის რეაბილიტაციაზე. ყველა მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული და კარგად იცნობს სექტორს“, – განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის წინ, რომელზეც ხეთაგურის კანდიდატურას დამტკიცებენ ახალ თანამდებობაზე.


ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ახალი კორპორაცია ცოტა ხნის წინ სამი სახელმწიფო ენერგოკომპანიის – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციისა და “საქნავთობის“ – გაერთიანების შედეგად შეიქმნა.


ხეთაგური ამ თანამდებობაზე ყოფილ ეკონომიკის მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 18 ნოემბერს, დანიშვნიდან რვა დღეში დატოვა. ჩოგოვაძემ ამ თანამდებობაზე დავით ინგოროყვა შეცვალა.


ინგოროყვა თანამდებობიდან 10 ნოემბერს გადადგა მას შემდეგ, რაც კორპორაციის შვილობილი კომპანიის – გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი  კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს. ინგოროყვას ბინა სამართალდამცავებმა მისი გადადგომის შემდეგ გაჩხრიკეს, თუმცა უცნობია ის ოფიციალურად ის იძებნება თუ არა. ამჟამად, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button