skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: ჩვენ გვექნება ირანთან ენერგეტიკული ურთიერთობები

პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ენერგეტიკული ურთიერთობები ექნება ირანთან და სავარაუდოდ შეიძენს ირანულ გაზს.


ეს განცხადება ნოღაიდელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ–ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა გაზეთ “კვირის პალიტრა“–სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ–სთვის მიუღებელია საქართველო–ირანის გრძელვადიანი ენერგეტიკული ურთიერთობები.


“მე არ ვიცი რა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და რაც შეეხება ირანთან ენერგეტიკის სფეროში ჩვენს ურთიერთობებს, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ირანთან ენერგეტიკული ურთიერთობები. ჩვენ ვიყიდით ალბათ წელს ირანიდან გაზს და ჩვენ გვექნება ირანთან ელექტროენერგიის გაცვლა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ნოღაიდელმა. 


“უფრო მეტიც, ჩვენ გვქონდა საუბარი აშშ–ს წარმომადგენლებთან და მათ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, მეთ ბრაიზამ განაცხადა ეს  საქართველოში ყოფნის დროს, რომ აშშ, რა ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს მას თვითონ ირანთან, ვერ გვეტყვის ჩვენ და არც გვეუბნება, რომ ჩვენ აქ ზამთარში სიცივით უნდა მოვკვდეთ და ელექტროენერგია და გაზი არ მივიღოთ ირანიდან“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.


მისი პრესსამსახურის ცნობით, დეკემბრის ბოლოს ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობით ირანში ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება და სწორედ იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ირანიდან გაზის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button