skip to content
ახალი ამბები

რიჩარდ ჰოლბრუკი: საქართველო დასავლეთის რუსეთთან ურთიერთობების გამოცდაა

“ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძირი გამოუთხაროს და თავიდან მოიშოროს საქართველოს ახალგაზრდა, პროამერიკელი, პროდემოკრატი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი“, – წერს ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში რიჩარდ ჰოლბრუკი Washington Post-ში  27 ნოემბერს.


ჰოლბრუკის თქმით, რომელიც ცოტა ხნის წინ სტუმრობდა საქართველოს, რუსეთი ვარაუდობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ერაყის საქმეებით არის დაკავებული და მოსკოვის მხარდაჭერა სჭირდება ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან დაკავშირებით, არ გახდის საქართველოს პრიორიტეტულ საკითხად და ანალოგიურად მოიქცევა ევროკავშირიც, რომელიც შიშობს საფრთხე არ შეექმნას რუსეთიდან ენერგორესურსების მოწოდების კუთხით.


“როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა ჰანოიში გასულ კვირას გამართული აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში საქართველოს საკითხი წამოწია პუტინთან შეხვედრაზე, როგორც წესი პუტინი გაბრაზდა“, – წერს ჰოლბრუკი. 


მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთთან ურთიერთობებში საჩვენებელ გამოცდად უნდა აქციონ.


“თუ ბუშის თავისუფლების რიტორიკას რაიმე მნიშვნელობა აქვს, დაამტკიცოს მან ეს საქართველოში, არა მხოლოდ თავაზიანი მოწოდებებით ორმხრივი თავშეკავებისკენ, არამედ მოსკოვზე რეალური ზეწოლისა და ევროკავშირთან ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების გზით, რათა ნათლად მიანიშნოს პუტინს, რომ მან უნდა შეწყვიტოს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევისა და სააკაშვილის ჩამოგდების მცდელობები“, – განაცხადა მან. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button