skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში კოკოითის ინაუგურაციისთვის ემზადებიან

დღეს ცხინვალში დაგეგმილია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ინაუგურაცია, რომელიც მეორე ვადით 12 ნოემბრის არჩევნებზე იქნა არჩეული, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ვიცე–პრემიერის ბორის ჩოჩიევის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრებიან რუსეთის სათათბიროს დეპუტატები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და მოსკოვის მერიის წარმომადგენლები. ინაუგურაციას დაესწრებიან ასევე ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი და აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის დელეგაციები.


ცხინვალში დღევანდელ ღონისძიებაზე, ჩოჩიევის განცხადებით, ასევე მიწვეულები არიან საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე და მისი წინამორბედი გიორგი ხაინდრავა.


აღსანიშნავია, რომ 12 ნოემბრის ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაცია სავარაუდოდ 27 ნოემბრისთვის გაიმართება. ცხინვალმა უკვე დაგმო ეს გეგმები.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button