სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობებზე კომენტარს აკეთებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 28 ნოემბერს ის მინსკში გაემგზავრება, სადაც დსთ-ს ლიდერები სამიტზე იკრიბებიან, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ჯერ–ჯერობით გაურკვეველია შედგება თუ არა მისი ორმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.
“მე არ ვიცი ეს შეხვედრა შედგება თუ არა საერთოდ. თუ შეხვედრა არ უნდა შედგეს, ეს მათი [რუსული მხარის] ინიციატივით მოხდეს. მე აუცილებლად წავალ სამიტზე იმიტომ, რომ ჩვენ იქ სხვა კოლეგებთან გვაქვს შეხვედრები. მე მინდა ვნახო დსთ-ს სხვა ლიდერები. ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. იმედი მაქვს, რომ ასევე იქნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა პრეზიდენტ პუტინთან. მე ყოველთვის მიადვილდება მასთან ლაპარაკი და ბუტიაობის დრო საერთოდ არ არის. ეს საერთოდ არ არის მიღებული პოლიტიკაში. მე იმედი მაქვს, რომ მათ ინტერესებშიც არის, რომ ჩვენ დაძაბული ურთიერთობის გალღობა მოვახდინოთ“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი რაიმე პრობლემებს ენერგორესურსებით მომარაგებასთან დაკავშირებით არ ელის.
“ყველაფერი მიდის იმ მიმართულებით, როგორც ვვარაუდობდით. ჩვენ განსაკუთრებულ პრობლემებს არ ველით, საერთოდ არ ველით პრობლემებს. წელს საქართველო, პირველად თავის ისტორიაში ამ პერიოდში ყიდის თავის ელექტროენერგიას. რაც შეეხება გაზს, გაზი უნდა გვქონდეს იმ მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ეხლა ვაწარმოებთ. ვინმეს თუ იმედი აქვს, რომ რაღაც აპოკალიპტური მოხდება საქართველოში, ჩვენ ამ იმედს ნამდვილად არ გავუმართლებთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ემბარგო საქართველოს ზიანს არ მიაყენებს, პირიქით ეს უფრო გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას.
“მე პირველად ვამბობ ამას, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ემბარგო არის ჩვენი სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ძალიან წარმატებული ოპერაცია“, – განაცხადა სააკაშვილმა ხუმრობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)